ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე: საკონსტიტუციო სასამართლო და ოჯახის მოთხოვნები

1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული ზვიად გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს. 2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან თბილისში გადმოასვენეს.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის მასალებზე წვდომას საკონსტიტუციო სასამართლოს გზით მოითხოვს, განაცხადა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ოჯახს თვითმკვლელობის შესახებ გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა და აცხადებს, რომ გამსახურდია პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოასალმეს სიცოცხლეს. ოჯახის ზეწოლის შედეგად 2015 წელს პროკურატურამ საქმის გამოძიება „განზრახ მკვლელობის" მუხლით განაახლა.

საქართველოში მეცნიერებისთვის ზვიად გამსახურდიას სახელობის კონკურსი გამოცხადდა

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც „თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს.

ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში. 1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.

მაშინდელმა გამოძიებამ თვითმკვლელობის ვერსია წამოაყენა, მაგრამ გამსახურდიას მომხრეები და ოჯახის წევრები ამ ვერსიას არ იზიარებენ.

2018 წლის დეკემბრის ბოლოს ზვიად გამსახურდიას შვილებმა ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა ადვოკატთან ერთად გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრა გამართეს, რომელმაც მათ საქმის გამოძიების პირობა მისცა.

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე – რა მოითხოვა პროკურატურამ ადვოკატისგან

„საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის მასალების გადმოცემაზე პროკურატურის უარიდან გამომდინარე, 2019 წლის 28 მარტს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა სარჩელი "კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". დასახელებულ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს", – განაცხადა გიგუაშვილმა.

ოჯახის ადვოკატს თქმით, ბრალდებას, დაზარალებული მხარისგან განსხვავებით, საქმის მასალების წვდომაზე შეზღუდვა არ აქვს, რაც არასამართლიანია.

„ამ საქმის საჯარო ინტერესი არის ძალიან მაღალი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა დაზარალებულს ჰქონდეს სრულფასოვანი წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან და ისინი არ იყვნენ დამოკიდებული პროკურორების კეთილ ნებაზე და არ უწევდეთ საქმის მასალების გაცნობა გამომძიებლების ოთახში, მათი ზედამხედველობის ქვეშ. წარმოიდგინეთ, როგორი შვება იქნება ეს ყველასთვის, რადგან ხშირად დაზარალებულების უკმაყოფილების მიზეზი სწორედ ის არის, რომ არ იციან რა ხდება საქმეში და დამოკიდებული არიან ადვოკატების თუ პროკურორების მიერ მიწოდებულ ზეპირ ინფორმაციაზე", – განაცხადა გიგუაშვილმა.

ბრიფინგზე ადვოკატმა ჟურნალისტებს ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა, რომელიც 2019 წლის 19 დეკემბერს თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ადვოკატის თქმით, პირველი პრეზიდენტის შვილი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსს გადის.

1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.

2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.