რა ხდება პოსტპანდემიურ იტალიაში: თვითმხილველის ნაამბობი

ტურისტი წერს, რომ იტალიელების დიდი ნაწილი არ ემორჩილება დადგენილ წესებს, შეხვედრისას ძველებურად ართმევენ ხელს და ეხუტებიან ერთმანეთს.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. იტალიაში დასვენება ძალიან შეცვლილია პანდემიის შემდეგ, ყველგან რიგები დგას და ადამიანებს გამუდმებით უზომავენ სიცხეს, იუწყება გამოცემა The Sun თვითმხილველზე, ბრიტანელ ტურისტზე დაყრდნობით.

​ირკვევა, რომ საშა ო'სალივანი კუნძულ კაპრის ეწვია დასასვენებლად. პირველი, რაც უცხოელ ტურისტს მოხვდა თვალში, ეს მცირე რაოდენობის ავიარეისები, სოციალური დისტანცირების გამო გრძელი რიგები, ტემპერატურის გაზომვა ყველა საზოგადოებრივ ადგილზე და ვიზიტორების სიმცირეა.

მაგალითად, ო'სალივანის თქმით, სასტუმრო, რომელიც ანალოგიურ სეზონებზე წინა წლებში 95%-ით იყო ხოლმე შევსებული, ახლა მხოლო 20%-ით აღმოჩნდა დატვირთული.

და, აი, ისიც – ნანატრი იტალია! შეგიძლია დაგეგმო მოგზაურობა

ბრიტანელი ტურისტი ამბობს, რომ ქუჩებში ბევრი იტალიელი არღვევს დადგენილ წესებს — შეხვედრისას ისინი ძველებურად ართმევენ ხელს და ეხუტებიან ერთმანეთს, დიდ ჯგუფებად სეირნობენ, არ იცავენ სოციალურ დისტანციას და თუ პირბადეები უკეთიათ, ისე, რომ ცხვირი და პირი დაფარული არ აქვთ.  

რესტორნებში ცოტა ხალხია. ყველა მათგანს უზომავენ სიცხეს და ამასთან იწერენ თითოეულის მისამართს. თუ დადგინდება, რომ ტურისტს კორონავირუსით ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, ხელისუფლება შეძლებს ადამიანთა იმ წრის დადგენას, რომელთა კარანტინში გადაყვანაც იქნება საჭირო.

ო'სალივანი განმარტავს, რომ მაღაზიებში გამყიდველები კლიენტებთან ურთიერთობისას დამცავ ნიღბებს იკეთებენ, მაგრამ ერთმანეთს დაუცველად ესაუბრებიან.

როგორი ეპიდვითარებაა იმ ხუთ ქვეყანაში, ვისთვისაც საქართველო საზღვრებს ხსნის>>

მისი თქმით, პლაჟზე წინასწარ უწევდა ადგილის დაჯავშნა, რათა სანაპიროზე ერთდროულად ბევრმა ადამიანმა არ მოიყაროს თავი. ხოლო დამსვენებლები აქტიურად და დიდი რაოდენობით იყენებენ სანიტაიზერებს, რომლებიც ყველაგანაა განთავსებული — მაღაზიების, რესტორნების, ბარების, სასტუმროების, აფთიაქებისა თუ სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელებში.