კახეთის სოფლებს სეტყვამ გადაუარა: განადგურებულია ვენახები

უამინდობამ აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, მოსახლეობას ზარალის ანაზღაურების იმედი აქვს.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტების სოფლებს ზიანი მიაყენა. ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის.

კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი ძლიერ სეტყვას გადაურჩა

როგორც ყვარლის მერმა როსტომ სესიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სეტყვის შესახებ ინფორმაცია მათ ღამით სოფელ გავაზიდან და სანავარდოდან მიიღეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მერიას ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვს, თუმცა შესაბამისი სამსახურები ვითარებას ადგილზე დილიდან სწავლობენ.

სეტყვამ სერიოზულად დააზარალა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები სანიორე, ნაფარეული, რუისპირი და ვარდისუბანი – განადგურებულია ვენახები, ბაღჩეული და ბოსტნეული კულტურები, ასევე საკარმიდამო ნაკვეთები.

სოფელ კონდოლში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა, თელავში კი მშვიდობის ქუჩაზე რამდენიმე ხე წააქცია.

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი ამჟამად ქარისა და სეტყვისგან დაზარალებულ სოფლებში ვითარებას ადგილზე ეცნობიან.