ბორჯომის პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ბორჯომის ისტორიულ პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატრაქციონების პარკი იხნება

შესაბამისი ბრძანება სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.

ნიკოლოზ ანთიძის ბრძანება „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ დღეს 15 ივლისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

„მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ბორჯომის ისტორიულ პარკს – ა) მინერალური წყაროები; ბ) გოგირდწყალბადიანი მინერალური თერმული წყარო; გ) ხიდები; დ) მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხანა; ე) ჰიდროელექტროსადგური“, – აღნიშნულია ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანებაში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა.

სააგენტოს იურიდიულმა სამსახურმა კი ერთი თვის ვადაში ობიექტების მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები უნდა განახორციელოს.