ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის იზრდება – თბილისის მერია სანქციებს ამკაცრებს

ქალაქის ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს გარემოს დაბინძურებას საშიში სამედიცინო და სამშენებლო ნარჩენებით.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით ფიზიკური პირებისთვის 25-ჯერ, ხოლო იურიდიული პირებისთვის 10-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს და ჯარიმები იწერება, გარემოს დაბინძურება მაინც გრძელდება. ამიტომ თბილისის მერიამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მოიწონა. ახლა ჯარიმების თანხები დამაჯერებლად გაიზრდება.

საქართველოში გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმები გაიზრდება>>

მერის განცხადებით, დაწყებულია ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი – პარკები, სკვერები, საქალაქო პარკების რეაბილიტაცია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად. მისი თქმით, ქალაქში სერიოზული გამოწვევაა სამედიცინო და ინერტული ნარჩენები.

ნაგვის ურნების ადგილებს ობიექტების დაპროექტების დროს განსაზღვრავენ

„სამედიცინო ნარჩენები ანტისანიტარიისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პირველი წყაროა. ინერტული მასალები ეკოლოგიური თვალსაზრისით წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, ბევრი ჯარიმა გამოიწერა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჯარიმების გამოწერა დამრღვევებისთვის შვება იყო. ეს ადამიანები უპრობლემოდ იხდიდნენ ჯარიმას, გრძელდებოდა ამ ნარჩენების დაყრა ქალაქის სხვადასხვა კუთხეში, უბნებში“, – განაცხადა კალაძემ.

მერმა აღნიშნა, რომ ნარჩენების მართვის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის იზრდება 25-ჯერ, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 10-ჯერ. სამედიცინო ნარჩენების შემთხვევაში სანქციები როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ათჯერ გაიზარდა.

კალაძის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის გამოსწორება, რაც საზოგადოების მხარდაჭერით უნდა მოხდეს.

„სახიფათო სამედიცინო ნარჩენების შემთხვევაში ფიზიკური პირი, ნაცვლად 500 ლარისა, დაჯარიმდება 5 000 ლარით, იურიდიული პირი – 1000 ლარის ნაცვლად, დაჯარიმდება 10 ათასი ლარით. რაც შეეხება სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენების შემთხვევებს, ფიზიკური პირი, რომელიც 200 ლარით ჯარიმდებოდა, დაჯარიმდება 5000 ლარით, იურიდიული პირი – 1500 ლარის ნაცვლად, დაჯარიმდება 15 000 ლარით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ქალაქის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თბილისში გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა. ეს მიმართულება მერიის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი გახდება.