ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე - რა თანხას აანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია

ზოგიერთ ობიექტზე ზარალის შეფასება კვლავ გრძელდება. ამ ეტაპზე ზარალთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეგროვება მიმდინარეობს
Sputnik

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურება დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ხანძარი ვარკეთილში: დაიწყო ზარალის დათვლა

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მდებარე ე.წ. თათრების ბაზრობაზე ხანძარი 15 ივნისს, ღამით გაჩნდა. ცეცხლი 4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში 130 მეხანძრე–მაშველი აქრობდა, მობილიზებული იყო 25 სახანძრო მანქანა. ვითარებას ის ართულებდა, რომ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს. ხანძრის შედეგად შერეული ბაზრობის გარკვეული ტერიტორია დაიწვა. დილისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებული იყო.

ხელისუფლება მოვაჭრეებს დაჰპირდა, რომ ბაზრობის აღდგენამდე მათ უსაფრთხო ტერიტორიას გამოუყოფს, ასევე რამდენიმე თვით გაათავისუფლებს გადასახადისგან.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ირაოს“ მხრიდან ჯამურად 1.5 მილიონი ლარის ოდენობის თანხა ანაზღაურდება.
შეუძლიათ ივაჭრონ: ვინ და რაზე დაითანხმა დამწვარი ბაზრობის დაზარალებული მოვაჭრეები

კომპანიის ცნობით, კომპენსაციას ჯამში დაახლოებით 315 მეწარმე, 465 კომერციულ ობიექტზე მიიღებს.

სადაზღვევო კომპანიაში აცხადებენ, რომ ზარალის შეფასებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვების პროცესი „ირაოს“ წარმომადგენლების მიერ, ბაზრობის ადმინისტრაციასთან და მეიჯარეებთან თანამშრომლობით, ხანძრის გაჩენისთანავე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.

„უკვე დარეგულირდა 149 კომერციული ობიექტის ზარალი და 13 ივლისს, ანაზღაურების პირველ ეტაპზე, „ირაომ“ 97 მეწარმეს გადაურიცხა შესაბამისი კომპენსაცია, ჯამურად 299 395 ლარის ოდენობით. ანაზღაურების მეორე ეტაპზე 178 კომერციული ობიექტის შესაბამისი ზარალის ანაზღაურებას, 114 მეწარმე მიიღებს, ჯამურად 431 ათასი  ლარის ოდენობით“, - განმარტავენ კომპანიაში.

რატომ არ აზღვევენ ბაზრობებს: მოვაჭრეებს სადაზღვევო კომპანია ზარალს აუნაზღაურებს? >>

გარდა ამისა, დარჩენილია ობიექტები, რომელთა ზარალის შეფასება კვლავ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ხდება ზარალთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოგროვება.