მსოფლიო დღეს

მოიერიშე დრონები სომხეთში, განადგურებული პუნქტები აზერბაიჯანში: ვრცელდება ვიდეო

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც, მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანის საყრდენი პუნქტების განადგურებაა აღბეჭდილი.
Sputnik

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სომხეთის ტავუშის ოლქის დაბა ბერდს აზერბაიჯანმა სამშაბათს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია, განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა შუშან სტეფანიანმა.

„მოწინააღმდეგემ ბერდის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. დაშავებულები არ არიან“, — დაწერა სტეფანიანმა Facebook-ზე დაახლოებით ერთი საათის წინ.

სულ ახლახან პრეს-მდივანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც, მისი თქმით, აღბეჭდილია, როგორ ანადგურებს სომხეთის სამხედრო ძალები აზერბაიჯანის საყრდენ პუნქტებს, საიდანაც ხორციელდება ტავუშის ოლქის საზღვრისპირა სოფლების დაცხრილვა.

შუშან სტეფანიანის თქმით, მალე კიდევ გავრცელდება სხვა ვიდეოკადრები.

კვირა დილით შეტაკება მოხდა აზერბაიჯანსა (თოვუზის რაიონი) და სომხეთს (ტავუშის ოლქი) შორის საზღვარზე. აღსანიშნავია, რომ ეს ტერიტორია, რომელიც საკმაოდ ახლოსაა საქართველოს საზღვართან, ასობით კილომეტრითაა დაშორებული არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან, სადაც ამ დროისათვის სიმშვიდეა.

აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს>>

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომეხმა სამხედროებმა მათი პოზიციები დაცხრილეს, ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები არტილერიის დახმარებით ცდილობდნენ სომხური საყრდენი პუნქტის მიტაცებას.

ბაქოს ინფორმაციით, ბრძოლებში დაღუპა ოთხი აზერბაიჯანელი სამხედრო, ხოლო ერევანი უარყოფს მათი მხრიდან დაღუპულების არსებობას და აცხადებს, რომ შეტაკებისას ორი პოლიციელი და სამი სამხედრო დაიჭრა.

სროლები გაგრძელდა ორშაბათსაც. კერძოდ, ერევანი აცხადებდა, რომ ბაქო 15–20 წუთიანი ინტერვალით ცხრილავდა ტერიტორიას, ხოლო ბაქო სომხურ მხარეს აბრალებს სროლების წარმოებას.