ქვეყანა მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე ვერ იქნება დამოკიდებული – ცქიტიშვილი

კორონავირუსმა აჩვენა, როგორ სჭირდება ქვეყანას მაგისტრალები და გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, განაცხადა მინისტრმა.
Sputnik

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. კორონავირუსმა აჩვენა, რომ შიდა ტურიზმი აუცილებელია და ქვეყანა მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე ვერ იქნება დამოკიდებული, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

გახარია: ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო>>

ცქიტიშვილმა შიდა სახელმწიფო გზების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მაგალითად აღნიშნა თბილისისა და რაჭის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ამ კუთხეში ჩასვლის დროს საათ-ნახევრით ამცირებს.

„აღმოაჩინე საქართველო“ – პრემიერ-მინისტრი ასურეთს ეწვია

„როდესაც ვსაუბრობთ „კოვიდზე“, ალბათ „კოვიდმა“ ძალიან კარგად გამოაჩინა, რა შეიძლება იყოს პრიორიტეტები. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ, თურმე, შიდა ტურიზმი აუცილებელი ყოფილა. აუცილებელია, რა თქმა უნდა, უცხოელი ტურისტების რაოდენობის ზრდა, მაგრამ არ შეიძლება ქვეყანა იყოს დამოკიდებული მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, სამინისტროს გრძელვადიანი გეგმები აქვს, მაგალითად, ახალი საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე, აღმოსავლეთი–დასავლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა. კორონავირუსმა აჩვენა, თუ როგორ სჭირდება ქვეყანას ამ ტიპის მაგისტრალი, გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური ჯაჭვის დალაგებული მუშაობა, განსაკუთრებით, საგანგებო მდგომარეობის დროს, აღნიშნა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილი: პროექტის ერთ-ერთი ამოცანა იყო, ხელი შეგვეწყო ქართული კომპანიებისთვის>>

საქართველოში შიდა ტურიზმი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნა. ქვეყნის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, დაისვენონ სამშობლოში და ქვეყანას ამ სფეროში დაეხმარონ.

რამდენად სარისკოა საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოშვება – ცერცვაძე განმარტავს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ივნისის ბოლოს პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად დაიწყო ახალი კამპანია „აღმოაჩინე ის, რაც შენია და იმოგზაურე საქართველოში".

ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაცია პოპულარიზაციას გაუწევს ახალ საინტერესო ტურისტულ პროდუქტებსა და აქტივობებს რეგიონებში. უწყების ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის აზრით, ეს ხელს შეუწყობს სასტუმროების, კვების ობიექტების, სატრანსპორტო კომპანიების, გიდების ინსტიტუტის განვითარებას. 

ტურისტული სფერო კორნავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან საქართველოს მთავრობამ მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად მარტში ყველა საზღვარი დაკეტა.

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო საზღვრების გახსნას თუ გაუძლებს, ეს იქნება...>>

ქვეყანაში მოგზაურობისას ვიზიტორებმა უსაფრთხოების წესები და ზოგიერთი შეზღუდვა უნდა დაიცვან, მათ შორის, დახურულ სივრცეებში, სერვის-ცენტრებსა და მღვიმეებში პირბადის ტარება. სავიზიტო ცენტრებში ერთდროულად მაქსიმუმ ხუთი ადამიანის ყოფნაა დაშვებული. აუცილებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა და პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა.