„ჯაკომო", „კალვე", აჯიკა „აფხაზური": საშიში პროდუქცია მაღაზიის დახლებზე

სურსათში „სუდანის" საღებავების გამოყენება აკრძალულია, რადგან მისი სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.
Sputnik

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს მაღაზიების დახლებზე არსებულ ხუთ პროდუქტში საღებავი სუდან-1 აღმოჩნდა, რომელიც ღვიძლის დაავადებასა და სიმსივნეს იწვევს, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია momxmarebeli.ge-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პროდუქცია სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინეს და ექსპერტიზაზე გერმანიაში, ლაბორატორია „ევროფინსში" გაგზავნეს.

კვლევის დროს შემოწმდა 41 პროდუქტი, მათგან საშიში ნივთიერება ხუთ შემთხვევაში აღმოჩნდა. სუდან-1 გამოავლინეს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებულ პროდუქციაში.

რას ვჭამთ: დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის მაღაზიები დაკეტეს

სურსათში სუდან-1-ის საღებავების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია, რადგან მისი სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს ყველა მეწარმეს. კვლევის გასაგრძელებლად ორგანიზაციამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა.

საშიში ნივთიერება აღმოჩნდა შემდეგ პროდუქტებში: ცხარე საწებელი „ჯაკომო", ტომატის კეტჩუპი „კალვე", აჯიკა „აფხაზური", „ხათოს აფხაზური აჯიკა" და აჯიკა „ნენა". რეალიზატორებს დაევალათ პროდუქციის ქსელიდან ამოღება.

აკრძალული საღებავი „სუდანი“ საკვებ პროდუქტებში ისევ აღმოჩნდა>>>

კვლევის შედეგების გასაჯაროების შემდეგ დასკვნას ყველა მეწარმე არ დაეთანხმა. ნაწილი აღნიშნული შეუსაბამობის მიზეზად იმპორტირებულ წითელ წიწაკას ასახელებს, სხვებმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. კომპანია "ნენამ" კი კატეგორიულად უარყო კვლევის შედეგები და განაცხადა, რომ ალტერნატიულ კვლევას ჩაატარებს.

დანარჩენ 36 პროდუქტში საშიში ნივთიერება არ აღმოჩნდა. უსაფრთხო პროდუქციის ჩამონათვალში მოხვდნენ "კულა" და "მარნეულიც", რომელთა პროდუქციის ნაწილი გასულ წელს ანალოგიური კვლევისას საშიში პროდუქციის სიაში მოხვდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ დასკვნა გამოიტანეს და ნაკლოვანებები აღმოფხვრეს.

ორგანიზაციამ ანალოგიური კვლევა 2019 წლის აგვისტოში და 2020 წლის მარტშიც ჩაატარა. საშიში საღებავები ცხრა ნიმუშში აღმოჩნდა. 2019 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა დაასახელა. გამოვლენილი უხარისხო პროდუქციის გაყიდვა აიკრძალა.

რისკების შემცირების მიზნით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წითელი წიწაკის იმპორტზე კონტროლი გაამკაცრა. კერძოდ, საქართველოში წითელი წიწაკის იმპორტის დროს თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის ოქმი – სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი პასუხით. წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქცია საქართველოს ტერიტორიაზე არ დაიშვება. ნორმა ძალაში 2019 წლის 3 ოქტომბრიდან შევიდა.

2020 წლის მარტში ჩატარებული კვლევების შემდეგაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრიდან დაბინძურებული პროდუქტის პარტიები ამოიღო.