მილიარდერის შვილობილი – ივანიშვილი შეკვეთილში დენდროლოგიურ პარკს ხსნის

„სად ნახავ მსგავს სილამაზეს“ – დენდროლოგიურ პარკში უამრავი საოცარი მცენარის, ფრინველისა თუ ცხოველის ნახვა შეიძლება, მათ შორის – ვარდისფერი ფლამინგოსი, უნიკალური ხეებისა და სხვ.
Sputnik

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. შეკვეთილში 15 ივლისს დამთვალიერებლებისთვის დენდროლოგიური პარკი გაიხსნება, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, ქვეყანაში მოუთმენლად ელოდებიან.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ ოზურგეთის მერიაში აცნობეს, პარკი შუადღისას გაიხსნება.

„ხვალიდან ყოველდღე, გარდა ორშაბათისა და პარასკევისა, დენდროლოგიური პარკი სტუმრებს ელოდება. როგორც ადრე უკვე ითქვა, შესვლა უფასოა“, – აღნიშნეს მერიაში.

დენდროლოგიური პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ხეთა უნიკალური სახეობების მრავალფეროვნება, რომლებსაც ქართველი მილიარდერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მთელ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც აგროვებდა. შედეგად – დენდროპარკის ტერიტორიაზე 150-ზე მეტი იშვიათი ხე შეგროვდა.

გიგანტური ხეები მილიარდერის რეზიდენციაში შეკვეთილში, სადაც დენდროპარკი მდებარეობს, ხმელეთითა თუ ზღვით გადაჰქონდათ. გადაზიდვის კადრები არაერთხელ მოხვდა ქართული და უცხოური მედიის ობიექტივში.

ამისთვის ივანიშვილი არაერთხელ გააკრიტიკეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ივანიშვილის საუკუნოვანი ხეების გადატანის პროექტი ვნებს ეკოლოგიას და ცუდ დღეში აყენებს მოსახლეობას. ამაზე მილიარდერი პასუხობდა, რომ კოლოსალურ თანხებს ხარჯავს პარკზე, რომელიც ყველა მსურველისთვის იქნება გახსნილი.

მილიარდერი და ხეები: ივანიშვილი დენდრარიუმს სკანდალის ფონზე აშენებს

მხოლოდ ხეების ტრანსპორტირებისთვის ივანიშვილმა სამი ბორანი და სპეციალური მანქანა შეიძინა.

„ხეების გადარგვის თემას პოზიტივის მეტი არაფერი არ ახლდა. პარკიც იქნება ძალიან საინტერესო და ვთქვი თავის დროზე, რომ ეს პარკი საზოგადოებრივი იქნება. ოპოზიცია ამაზე საერთოდ არ აკეთებს მინიშნებას, ამბობენ, რომ საკუთარ სახლში და საკუთარ ეზოში მიმაქვს“, – განაცხადა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ ხეებს მიწის ნაკვეთის მფლობელებისგან ყიდულობდა და მოსახლეობამ კომპენსაციის სახით ჯამში 10–12 მილიონი ლარი მიიღო.

მაისის ბოლოს დენდრარიუმში გადაღებული ფოტოები ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა ბადრი ვადაჭკორიამ გამოაქვეყნა. „სად ნახავ მსგავს სილამაზეს, თუ არა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში“, – დაწერა ფოტოგრაფმა.

მისი რეპორტაჟიდან ცნობილი გახდა, რომ დენდრარიუმის ტერიტორიაზეა მცირე ზომის ტბა, სადაც ფრინველის 58 სახეობაა გავრცელებული – თუთიყუშების სხვადასხვა სახეობიდან დაწყებული, ვარდისფერი ფლამინგოებით დამთავრებული.