„რეფორმერი“, ახალგაზრდული პოლიტიკა და საარჩევნო სტრატეგია

თუ ოპოზიცია ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა – ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში თუ ერთმანეთს და „ქართულ ოცნებას“ გაუწიონ კონკურენცია, ხელისუფლება ნელ-ნელა საარჩევნო სტრატეგიაზე ყალიბდება.
Sputnik

მართალია, მაჟორიტარების რაოდენობის 30-მდე შემცირებამ კიდევ უფრო გაზარდა მათი ფასი და დაასრულა სპეკულაციები, მაგრამ ის, თუ როგორ გადანაწილდება ეს ადგილები, მართლაც საინტერესოა.

სახელისუფლებო გუნდში არსებული მაღალი კონკურენციის გამო, ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, კანდიდატურების დასახელებამ აგვისტოს შუა რიცხვებისთვისაც კი გადაიწიოს. ამ შემთხვევაში კანდიდატებს ცოტა დრო, ასე ორი თვე დარჩებათ მოსახლეობასთან შესახვედრად. ცნობილია რეკომენდაციები, რომ პანდემიის პირობებში ეს შეხვედრები, სასურველია, ღია სივრცეებში ჩატარდეს.

მომავალი პარლამენტი კი საკმაოდ ჭრელი უნდა იყოს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 1-პროცენტიანი ბარიერი ბევრ პოლიტიკურ ძალას აძლევს საშუალებას, 20 ათასამდე ხმა მოიპოვოს და პარლამენტში საკუთარი ინტერეს-ჯგუფის თუნდაც ერთი წარმომადგენელი ჰყავდეს.

ვინ გახდება „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი

საოცრება მოიფიქრა სოციალური სამართლიანობისათვის მებრძოლმა მამუკა ტუსკაძემ. ის მოქალაქეებს მოუწოდებს დაეხმარონ და მზადაა, საპარლამენტო 4 წელი 6-6 თვიანი შუალედებით 8 დეპუტატზე გაყოს. ეს 6 თვით გარანტირებულ ხელფას და შემდეგ სამუდამო 560-ლარიან პენსიას ნიშნავს და სულაც არაა ცუდი შეთავაზება მოქალაქეებისთვის, ვისაც მინიმუმ 2-3 ათასი კარგი მეგობარი და ხმის მიმცემი აღმოაჩნდება.

სხვა პოლიტიკური სუბიექტებიდან დამოუკიდებლად საარჩევნო ბარიერის გადალახვის იმედი აქვს კახა კუკავას.

პარლამენტში მოხვდება ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“. როგორც ამბობენ, მისი ვაჟი ანზორ ბიწაძე პარტიული სიის პირველ სამეულშია.

საკმაოდ ნორმალური შედეგი ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტში შევლენ „პატრიოტები“ და, შესაძლოა, მე-9 მოწვევაზე უკეთესი შედეგით.

ასევე საპარლამენტო პერსპექტივები აქვთ „ლელოსა“ და „ევროპულ საქართველოს“.

გასულ კვირაში კი კიდევ ერთი საინტერესო პარტია დაფუძნდა, რომელსაც ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების ამბიცია აქვს.

ერთპროცენტიანი საცდური ერთკაციანი პარტიებისათვის

პარტია „რეფორმერის“ ლიდერი თორნიკე ჯანაშვილია – როგორც ქართული მასმედია იუწყება, უტა ივანიშვილის ახლო მეგობარი და კარგი განათლების მქონე ახალგაზრდა.

„ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ნაკლებობის გამო აკრიტიკებდნენ.

სწორედ ამ დანაკლისს შეავსებს „რეფორმერი“, რომელიც, თუ წინასაარჩევნოდ არა, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ მაინც ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“.

ზოგადად, არჩევნებამდე ოთხი თვეც კი აღარ რჩება. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებზე რაიმე დიდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ, რადგან თუ ვინმეს პოლიტიკაში ყოფნა და საკუთარი თავის გაპიარება სურდა, წესით, უკვე უნდა მუშაობდეს და მოსახლეობასთან მართავდეს შეხვედრებს.