COVID-19 - ბოლო ცნობები

კუნძული მსოფლიოს Covid-რუკაზე: ავსტრიული გამოცემა საქართველოს ბრძოლაზე წერს

საქართველომ დაამტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების საწინდარია, წერს გამოცემა
Sputnik

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. ავსტრიული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბეჭდური გამოცემა – ORF Nachrichten სტატიას აქვეყნებს საქართველოს, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულად წარმატებული ქვეყნის შესახებ.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანაა, რომელიც „მაღალი ინფიცირების მქონე ქვეყნებით გარშემორტყმული ერთგვარი კუნძულია, რომელმაც ვირუსის წინააღმდეგ შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიით სახელი გაითქვა“.

„ქვეყანა 3,7 მილიონი მოსახლეობით მდებარეობს თურქეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ასევე ესაზღვრება სომხეთსა და აზერბაიჯანს. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ასევე თურქეთში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მოსახლეობაში ზოგჯერ ათჯერ მაღალია“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ ვირუსთან ბრძოლაში წარმატებული მოქმედებების შედეგად საქართველომ ყურადღება მიიპყრო რამდენიმე გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის და ანალიტიკური ცენტრის (BBC, ამერიკული და ბრიტანული ანალიტიკური ცენტრების), რომლებიც ზედმიწევნით სწავლობდნენ საქართველოს მაგალითს.

„საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები (ზოგჯერ არცთუ ისე პოპულარული) Covid-ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების საწინდარია“, – ნათქვამია სტატიაში.

საქართველომ კორონავირუსის 400 ათასამდე ტესტი შეიძინა

მასალაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტური ნაბიჯების გარდა, ე.წ. სამმა მუშკეტერმა – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, მისმა მოადგილემ პაატა იმნაძემ და ვირუსოლოგმა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ერთობლივი სტრატეგია შეიმუშავეს.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, სტატიაში ნათქვამია, რომ მკაცრად კონტროლდებოდა შეზღუდვების დაცვა, საჭიროების შემთხვევაში კი ცალკეულ პირებს, ასევე კომპანიებს დიდი ოდენობის ჯარიმები დაეკისრა.

ამავე კონტექსტში აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის მოსაწონი არ იყო მოსახლეობისთვის, თუმცა მისი დიდი ნაწილი მთავრობის მოწოდებას დაემორჩილა და სახლში დარჩა. სტატიაში აგრეთვე ნახსენებია „ქართული მართლმადიდებლური ეკლესია”, რომელიც აგრძელებდა ღვთისმსახურებას.

საქართველო სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებას კიდევ ერთხელ სთავაზობს >>

სტატიის დასასრულს ავტორი უამბობს მკითხველს, რომ საქართველო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებისთვის საჰაერო საზღვრების გახსნას აპირებდა, თუმცა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ამ თარიღმა ივლისის ბოლოსთვის გადაიწია.