თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი საკარანტინო სივრციდანაა, ხუთი კი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის კორონავირუსზე საქართველოში 143 პაციენტი მკურნალობს.
„რვიდან სამი გახლავთ საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული, სამივე არის იმპორტირებული შემთხვევა, ხოლო დანარჩენი ხუთი გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა. ყველა ერთი ოჯახის წევრია. ორი მათგანი მცირეწლოვანია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ით იმ მძღოლის ოჯახის წევრები დაინფიცირდნენ, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა.
ბავშვები, დედასთან და ბებიასთან ერთად, თბილისში არიან გადაყვანილი, ბავშვების დეიდა კი – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
რა ბედი ეწევათ აბიტურიენტებს, რომლებიც ინფიცირებულთან ერთად იყვნენ გამოცდაზე >>
დღევანდელი შემთხვევის შემდეგ, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 981 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელებულია 851 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 231 პაციენტია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.