ბაბუისა და მამის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც ოჯახის წევრების სასტიკი მკვლელობა ედება ბრალად, 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მამისა და ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხი – რა გახდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი

ოკინაშვილის დაკავების შესახებ ცნობილი 9 ივლისს გახდა. გამოძიების მონაცემებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა 28 წლის მამაკაცმა 7 ივლისს სოფელ მუხრანში თავის სახლში ბაბუა და მამა ცივი იარაღით მოკლა.  

სასამართლო სხდომაზე ოკინაშვილის ადვოკატმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა.

თავად ოკინაშვილი დუმილის უფლებას იყენებს.

მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. საქმეზე წინა სასამართლო პროცესი პირველ სექტემბერს ჩაინიშნა.