თელავის სასამართლომ მოძალადე დეპუტატს პატიმრობა შეუფარდა

მიხეილ გრემელაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. გამოძიების სწორად წარმართვის მიზნით მან საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეხვედრა მოითხოვა.
Sputnik

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

„19 წლის გოგოები დაალურჯა...“ – მარიამ კუკუნაშვილი ბიძაშვილს ცოლ-შვილზე ძალადობაში ამხელს

გამოძიების ინფორმაციით, თელავის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი სიცოცხლის მოსპობით მეუღლესა და შვილებს „ტეტეს" სისტემის პისტოლეტით დაემუქრა და მათზე ფიზიკურად იძალადა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გრემელაშვილისთვის დამატებითი საპროცესო იძულებითი ღონისძიებების გამოყენებისა და 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ გრემელაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ბრალდებულის ბიძაშვილი, სუროგაციის ცენტრ New Life-ის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი აცხადებს, რომ გრემელაშვილის მხრიდან ოჯახის წევრების მიმართ ძალადობა წლებია გრძელდება, ერთ-ერთ ქალიშვილს კი სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

გრემელაშვილმა გამოძიების სწორად წარმართვის მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეხვედრა მოითხოვა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს ჩაინიშნა.

მოძალადე დეპუტატი: მიხეილ გრემელაშვილი ცოლსა და შვილებზე ძალადობისთვის დააკავეს >>

გრემელაშვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „კალაშნიკოვის“ სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა–151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.