ამერიკული ფულის ფასი: საქართველოს ხელისუფლების რეაგირება სკანდალურ კანონპროექტზე

კონგრესმენების სკანდალურმა კანონპროექტმა ქართულ პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
Sputnik

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკელი კონგრესმენების კანონპროექტზე, რომელმაც თბილისში შიდაპოლიტიკური სკანდალი გამოიწვია.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა მოიწონა კანონპროექტი, რომელშიც ფაქტობრივად ულტიმატუმის ფორმითაა საუბარი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შესაძლო შემცირებაზე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებულ რიგ ვალდებულებებს. 

აშშ-მა საქართველოს ფინანსური დახმარება გაუყინა? დეპუტატები სკანდალურ ინფორმაციას უარყოფენ

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება არც დემოკრატიზაციისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, არც მრავალ სხვა სფეროში, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა აშშ-ის კონგრესში მიმდინარე მოვლენები ახსნა ვაშინგტონში ლობისტების მეშვეობით ქართული ოპოზიციის მცდელობით – წინასაარჩევნო პერიოდში შიდაპოლიტიკურ კონტექსტში ჩაითრიონ საერთაშორისო პარტნიორები.

„ეს ჩვენთვის გასაგებია. ჩათვალეთ, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის არა ის, რომ მთელი ისტორია ავაგოროთ რომელიღაც საკანონმდებლო ინიციატივის გამო... ჩვენ უნდა მოვისმინოთ ის და განვაგრძოთ დემოკრატიზაციის პროცესი ისე, როგორც ამას ვაკეთებდით“, – აღნიშნა გახარიამ.

რა სურთ კონგრესმენებს?

კანონპროექტს, რომელიც საქართველოს გარდა სხვა მრავალ საკითხს ეხება, მათ შორის – სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ასევე სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამების დაფინანსებას, 29 კანონმდებელმა 21-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

ახლა დოკუმენტი განსახილველად და სამი მოსმენით დასამტკიცებლად გადაიგზავნება წარმომადგენელთა პალატაში, შემდეგ – საჯარო განხილვაზე და ბოლოს – სენატში დასამუშავებლად. თუ კანონპროექტი ყველა ამ ეტაპს გაივლის, დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა და გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შევა. 

„გასაკეთებელია დაუყოვნებლივ“: რის გამო დასჯის აშშ რუსეთს

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის 2021 წელს ფინანსური დახმარება არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარის ფარგლებშია გამოყოფილი. თუმცა, გასული წლებისგან განსხვავებით, ამჯერად დოკუმენტში მითითებულია დახმარების მიღების პირობები. კერძოდ, ამ თანხის 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა შეიძლება შეჩერდეს მანამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დარწმუნდება, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ეფექტურ ნაბიჯებს დგამს შემდეგი მიმართულებებით:

– საარჩევნო რეფორმის ეფექტური რეალიზაცია;

– სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა;

– ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პოლიტიკის ეფექტურად გატარება, მათ შორის, საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა;

– სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებისა და მასმედიის დამოუკიდებლობის დაცვა;

– მთავრობის საქმიანობაზე, ასევე კანონებისა და ნორმატიული აქტების გამოყენებაზე ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვა.

რას ნიშნავს ეს?

საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ ამერიკელი კონგრესმენების ვიწრო წრის ინიციატივაა, რომელსაც არ გააჩნია პერსპექტივა, ოპოზიცია კი გამარჯვებას ზეიმობს და საქართველოს ხელისუფლებისთვის სერიოზულ სიგნალზე ლაპარაკობს.

ზოგიერთი ამერიკელი კონგრესმენი ცდილობს თბილისისთვის პირობების წაყენებას, ვინაიდან მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ვაშინგტონში ყველასთან კარგი ურთიერთობის დამყარება ვერ მოახერხა, მიაჩნია პოლიტიკურ ექსპერტს პეტრე მამრაძეს.

„დემოკრატიული განვითარების პრობლემები ქვეყანას მაინცდამაინც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს არ შექმნია. იგი იყო მაშინაც, როდესაც ქვეყნის სათავეში სააკაშვილის პარტია იყო“, – განაცხადა მამრაძემ. 
კრიტიკა პრობლემა არაა: საქართველოს რეაქცია აშშ-ის კონგრესმენების წერილზე

პოლიტოლოგი, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობისას ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიას, ამტკიცებს, რომ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები რეგულარულად აწვდიდნენ ინფორმაციას ამერიკელ პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რაც „ქართული ოცნების“ პირობებში ასე სისტემურად აღარ ხდება. ამ ვაკუუმის შევსება კი ქართულმა ოპოზიციამ სცადა.

„ამიტომ დასავლური პოლიტიკური ძალების ზოგიერთ წარმომადგენელს მოუწია იმ ინფორმაციით ეხელმძღვანელა, რომელიც სააკაშვილის თანამოაზრეებისგან მისდიოდა“, – აღნიშნა მამრაძემ.

პოლიტოლოგის თქმით, კონგრესმა კანონპროექტი, წესების თანახმად, შეიძლება ახლო მომავალში განიხილოს.

„როგორც წესი, კონგრესი ენდობა თავის კომიტეტებს და კანონპროექტის განხილვას დაუყოვნებლივ იწყებს“, – განაცხადა მამრაძემ. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ აშშ-ში კორონავირუსთან დაკავშირებით ამჟამად არსებული ვითარებიდან გამომდინარე, არაფრის მტკიცება არ შეიძლება. გარდა ამისა, დოკუმენტის გატანა კონგრესში განსახილველად მის ავტომატურად მიღებას არ ნიშნავს.