თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. თანამემამულეებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვთ, მთავრობა ავიარეისების ორ ვარიანტს შესთავაზებს. ეკონომიკის სამინისტრო რეგულარული ფრენების განახლების თაობაზე სხვადასხვა ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, დღემდე არსებულ სპეცრეისებს აგვისტოდან ახალი მიმართულებები დაემატება, რაც სქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნების დამატებითი შესაძლებლობა იქნება.
„ეკონომიკის სამინისტრო რეგულარული რეისების განახლების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკვე დადასტურებულია, რომ Lufthansa რეგულარულ რეისებს განაახლებს და აგვისტოს პირველი რიცხვებიდან კვირაში ორჯერ ფრენებს განახორციელებს. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები AirBaltic-თან და AirFrance-თან ფრენების განახლების შესახებ, პლუს ერთი ვარიანტია Georgian Airlines-ი, რომელიც ვენაში, ამსტერდამსა და თელ-ავივში კომერციულ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს", – განაცხადა ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას იმ სპეცრეისებითაც შეძლებენ, რომლებიც პანდემიის პერიოდში მთავრობის მხარდაჭერითა და სახელმწიფოს სუბსიდირებით დამატებით შესრულდება Wizzair-ის და Myway Airlines-ის მიერ.
„ერთ-ერთი ვარიანტი – სპეციალური რეისებია, რომლებიც ჩვენ აღვადგინეთ. მათ ორი ავიაკომპანია Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებს. რეისების სუბსიდირებას სახელმწიფო განახორციელებს. ბილეთების ფასი 200 ევროს არ აღემატება. მიმართულებებია: ვარშავა, ათენი, რომი, მადრიდი. ყველა ამ მიმართულებიდან სპეცრეისები თანამემამულეების ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით განხორციელდება. პროცესი შეიძლება აგვისტოსა და სექტემბერშიც გაგრძელდეს. ეს დამოკიდებული იქნება მოთხოვნაზე, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენი საელჩოებიდან ყოველდღიურად ვიღებთ... ამ ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ამ მიმართულებების გადახედვა, მაგრამ ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ეს სპეცრეისები გაგრძელდება", – განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის პერიოდში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით საქართველოში 12 720 თანამემამულე დაბრუნდა, ადგილებზე დახმარება კი 22 391 ადამიანს აღმოუჩინეს.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. პანდემიის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, სპეცრეისებით თანამემამულეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება უზრუნველყო. ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ახორციელებდა. ბილეთის ღირებულება, რომელიც რეისამდე ორი დღით ადრე ონლაინ იყიდებოდა, 199 ევრო იყო.
დღეს Georgian Airways-ი კომერციულ ჩარტერულ რეისებს ვენის, ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით განახორციელებს.
ფრენებს განახორციელებს Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლის სრული დაცვით.