მდიდრები და ღარიბები – რომელ პარტიას რამდენი ფული აქვს

საქართველოს 19 პოლიტიკური პარტიის შემოსავლების თითქმის ნახევარი მმართველ „ქართულ ოცნებაზე“ მოდის და ყველაზე მეტსაც ის ხარჯავს.
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ამ დროისათვის საქართველოში ყველაზე მდიდარი პარტია კვლავ მმართველი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“.

დაჩქარებული წესით: პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა>>

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2019 წლის მონაცემებით, 19 პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელთა შემოსავლებში ან ხარჯებში 100 ათას ლარზე მეტი თანხა აღინიშნება, „ქართული ოცნება“ ყველაზე მდიდარია – მის ანგარიშზე თითქმის 10 მლნ ლარია.

გასულ წელს 19 პარტიის ერთიანი შემოსავალი 20 739 364 ლარი იყო. ამ თანხის თითქმის ნახევარი – 9 502 653 ლარი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ანგარიშებზე შევიდა, ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

ისტორიული პროცესი – პოლიტიკური ცვლილებების პრემიერისეული შეფასება

მაღალშემოსავლიანი პარტიების სამეულში არიან ასევე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 676 618 ლარი და „ევროპული საქართველო“ – 1 643 099 ლარი.

ამასთან, პარტიების მიერ მიღებული საერთო შემოსავლების 59% (12 301 675 ლარი) – სახელმწიფოს დაფინანსებაა, ხოლო 41% (8 437 689 ლარი) – კერძო პირების შემოწირულობები.

ანგარიშის თანახმად, თუ მხედველობაში არ მივიღებთ „ქართულ ოცნებას“, დანარჩენი 18 პარტიის სახსრების 88% სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდის, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი, პრაქტიკულად, ბიუჯეტზე არიან დამოკიდებული.

ამ 19 პარტიიდან მხოლოდ ერთს – „ლელოს“ არ მიუღია სახელმწიფო დაფინანსება, რადგან 2019 წელს შეიქმნა და არჩევნებში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია.

გზა ხსნილია: რამდენი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობისთვის>>

„2019 წელს 19 პარტიიდან 13-მა მთლიანობაში 8 362 581 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო 450 ფიზიკური და 26 იურიდიული პირისგან. შემოწირულებების 84% – 7 036 166 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

არჩევნები 2020: საქართველოს ყველაზე არაორდინარულმა პარტიამ რეგისტრაცია გაიარა

ანუ „ქართულმა ოცნებამ“ 14-ჯერ მეტი თანხა მიიღო, ვიდრე „ლელომ”, რომელიც კერძო დაფინანსების მხრივ მეორე ადგილზე იმყოფება და 5-ჯერ მეტი, ვიდრე დანარჩენმა 18-მა პარტიამ ერთად.

გასული წლების ანალიზის საფუძველზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დაადგინა ფიზიკური და იურიდიული პირების მუდმივი წრე, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ყველა არჩევნებზე აფინანსებენ. ყველა ამ ბიზნეს-ჯგუფს ერთი მახასიათებელი აქვს – მათი წევრების უმრავლესობა თანხას მმართველ პარტიას ერთსა და იმავე დღეს, ან 1–2 დღის განსხვავებით ურიცხავს, რაც ეჭვებს ბადებს – ხომ არ არის ეს „კოლექტიური აქცია“ ვინმეს მიერ წინასწარ ორგანიზებული.

რაც შეეხება ხარჯებს, არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წელს 19-მა პარტიამ მთლიანობაში დახარჯა 20 723 057 ლარი, აქედან 43% – 8 877 711 ლარი – მმართველმა პარტიამ. 2 206 248 ლარით მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“, ხოლო მესამეზე 1 671 775 ლარით – „პატრიოტთა ალიანსი“.

მაჟორიტარები ივლისში, პარტიული სია – სექტემბერში: ვისზე დადებს ფსონს „ქართული ოცნება“

პარტიებმა 2019 წელს რეკლამაზე დახარჯეს 2 352 736 ლარი, ამ თანხის 74% – 1 747 140 ლარი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. მმართველმა პარტიამ რეკლამაზე სამჯერ მეტი დახარჯა, ვიდრე 18-მა პარტიამ ერთად (605 596 ლარი), ნათქვამია ანგარიშში.

„პოლიტიკური დაფინანსების მნიშვნელოვან გამოწვევას Facebook-ზე დასპონსორებული პოლიტიკური შინაარსის საინფორმაციო მასალა წარმოადგენს, რომლის დამკვეთიც არ არის საჯარო“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში და დასძენენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვერ აკონტროლებს ფინანსების ხარჯვას სოციალურ ქსელებში და ეს პრობლემა გადაჭრას მოითხოვს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, სახელმწიფო აუდიტის მხრიდან მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს პარტიების ფინანსური დეკლარაციების ეფექტურ შემოწმებას, ხოლო პარტიებმა მეტი აქცენტი უნდა გააკეთონ სახსრების სხვადასხვა აქციითა და კამპანიით მოზიდვაზე.