პროსტიტუციიდან ქველმოქმედებამდე – რა ბედი ეწია „მამიდას" საროსკოპოს

მსოფლიოს ბევრ ქვეყანას შეშურდება, საქართველოში იმდენი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა მაღალი კლასის მომსახურებითა და სერვისით. ყველას სახელი შესაძლოა ვერ გავიხსენოთ, მაგრამ არც ისე გამორჩეული, პატარა სასტუმრო „ჭალის ჩიტების“ სახელს დღეს ბევრი ვერ ივიწყებს.
Sputnik

ამის მიზეზს მიხვდებით, თუ გეტყვით, რომ სასტუმროს მეპატრონე საზოგადოებისთვის „მამიდას“ ნიკით ცნობილი როენა ხუცურაული გახლდათ. მიუხედავად მავანთა მიერ ამ სასტუმროში გატარებული დღეებისა, რომელიც ზოგისთვის ტკბილი მოგონება იყო, ზოგისთვის კი იმედგაცრუება, ის სასტუმრო აღარ არის, თქვენ რომ გახსოვთ...

გასული წლის მაისში აქ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. გამოძიებამ დალუქა სასტუმრო „ჭალის ჩიტები“, როგორც პროსტიტუციის ობიექტი. ყველა მთავრობისგან დევნილ ქალს, ერისა და ბერის „მამიდას“, როენა ხუცურაულს კი „ამაგი“ არ დაუფასეს, ხელბორკილები დაადეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

„დავიხსნათ „მამიდა“ სისტემის კლანჭებიდან“ – Facebook-ზე როენას დაკავებაზე ღადაობენ

„მამიდა“ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მან სასამართლოშივე განაცხადა, რომ აღიშნულ ობიექტზე ქველმოქმედების მიზნით სათნოების სახლის დაარსებას აპირებდა…

„Sputnik–საქართველოს“ როენა ხუცურაულმა მოუთხრო, თუ როგორ აქირავებს დღეს სიმბოლურ ფასად სასტუმროს შშმ პირების დასახმარებლად და არც სამომავლო გეგმები დამალა. მისი ნათქვამიდან ყველაზე ნიშანდობლივი კი მაინც ერთი რამ იყო – „ჩემ სიბერეს ჩემს სასტუმროში ვხედავ“.

პროსტიტუციიდან ქველმოქმედებამდე – რა ბედი ეწია „მამიდას" საროსკოპოს

„ქველმოქმედების მიზნით სასტუმროში სათნოების სახლის გახსნას ვაპირებდი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შევძელი, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გავხადე და პანსიონატისთვის სიმბოლურ ფასად, 1 ათას ლარად გავაქირავე. ესეც დახმარებაა. თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, ამ კეთილ საქმეში თავადაც ჩავერთვები. ყველაფერი ღვთის ნებაა. როცა წლებში შედიხარ ადამიანი, უკვე სხვანაირად ფიქრობ. ჩემ სიბერეს კი ჩემს სასტუმროში ვხედავ“, - გვითხრა როენა ხუცურაულმა.

ქველმოქმედება – ლამაზი სიტყვაა, ქმედება – კიდევ უფრო ლამაზი. ხოლო ნებისმიერი ქმედება, თუ სიკეთეს არ ემსახურება, მხოლოდ შიშველი ინსტინქტია. ძნელია ისაუბრო ქველმოქმედი ადამიანის მოტივაციაზე. ალბათ, ეს უფრო ბუნებრივი მოთხოვნილებაა, სიამოვნებაა, რაც ნებისმიერ ხორციელ სიამოვნებაზე გაცილებით ძლიერია.

„მამიდის“ ნათქვამის პატივისცემის მიუხედავად, ჩვენმა ჟურნალისტმა მისი მონათხრობი გადაამოწმა, ესტუმრა ახლა უკვე თავშესაფარს და, როგორც აღმოჩნდა, მას პირობა შეუსრულებია…

პროსტიტუციიდან ქველმოქმედებამდე – რა ბედი ეწია „მამიდას" საროსკოპოს

დაწყებული საქმიანობა მოხუცთა თავშესაფრის „ბარბარე 21“-ის მფლობელმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა მერაბ შათირიშვილმა განაგრძო. დაწესებულების კედლებში კი ახალი სიცოცხლე დაიწყო. მთლიანი შენობა და ცალკეული ოთახები მოძღვარმა აკურთხა, აურა გაიწმინდა და ახლა შენობის ფანჯრებიდან ბენეფიციარების ბედნიერი ხმა გამოდის.

შენობა 16 ბენეფიციარზეა გათვლილი. თითოეულ ოთახს აქვს თავისი სველი წერტილები, ცხელი და ცივი წყალი, გათბობა. სართულებს შორის გადასაადგილებლად კი არის ადაპტირებული ლიფტიც.

სააგენტოსთან საუბრისას მერაბ შათირიშვილმა აღნიშნა, რომ შენობა ხუთი წლით იქირავა, სხვა სასტუმროებს კი მოუწოდა, როენა ხუცურაულისგან მაგალითი აიღონ.

პროსტიტუციიდან ქველმოქმედებამდე – რა ბედი ეწია „მამიდას" საროსკოპოს

„მეპატრონეს თავად სურდა თავშესაფრის დაარსება. ნებართვაც ჰქონდა, თუმცა შემდეგ ცოტა გაუჭირდა თავის გართმევა, დამიკავშირდა და ბოლოს იმავე მიზნით ხუთი წლით ვიქირავე. ქირას სიმბოლური თანხაც შეიძლება ვუწოდოთ. მანამდე მეპატრონეს არ ვიცნობდი. მიკვირს, რატომ არის როენას სასტუმრო ასეთი ყურადღების ცენტრი, ან დღეს რა აზრი აქვს ადრე აქ რა იყო. თვითონ ცხოვრებამ გარკვეულწილად იმ გზით წაიყვანა, რომ გართობის ადგილი ყოფილიყო, მაგრამ თბილისის სხვა ნებისმიერ სასტუმროშიც შეუძლია წყვილს ღამის გათენება. ასეთ სასტუმროებს ვურჩევ ასეთ სიკეთის სახლებად გადაკეთებას, ვიდრე შეფარულად ყოფნას“, – გვითხრა შათირიშვილმა.

პროსტიტუციიდან ქველმოქმედებამდე – რა ბედი ეწია „მამიდას" საროსკოპოს

კითხვაზე, თუ როგორ ახდენს თავშესაფარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციას საზოგადოებაში და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას, მერაბ შათირიშვილმა აღნიშნა, რომ, მაგალითად, შაბათს ვაკის პარკში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, სადაც მათი თავშესაფრიდან ბენეფიციარი იღებს მონაწილეობას.

ასე მოხდა... ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთი ქველმოქმედი და პატიოსანი ადამიანი შეემატა, „სასტუმროების ბიზნესს“ კი ერთი მზრუნველი ადამიანი გამოაკლდა.

რამდენად ქველმოქმედია „მამიდა“, ეს საზოგადოებამ განსაჯოს, თუმცა აქვე ცნობილი ფრაზა აგეკვიატება – ყველამ თავის მამიდას მიხედოს...

ჩვენ კი დავძენთ, სასიამოვნო სიახლეები კარგია, თუნდაც მოულოდნელი იყოს!..