თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისა და თვითდასაქმებული პირებისთვის დახმარების მისაღებად რეგისტრაციის ვადა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის წინ.
სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის მისაღებად იმ პირთა რეგისტრაცია, რომლებმაც COVID-19-ის პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეს, 15 მაისს დაიწყო და 1 ივლისს დასრულდა.
გახარიას თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში ვადა მომავალშიც გახანგრძლივდება.
„მოგეხსენებათ, რომ რეგისტრაციების ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 1 აგვისტომდე გაგრძელების შესახებ. ვინც დააგვიანა, ან ვერ შეძლო ელემენტარულად საჭირო საბუთების შეგროვება, ამ ადამიანებისთვის ეს ვადა გაგრძელდა, და თუ საჭირო იქნება, რეგისტრაციის ვადა შემდგომაც გაგრძელდება. დღეს ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად, იმ ჩვენი მოქალაქეების დახმარებაა, რომლებსაც კრიზისის გამო შემოსავალი შეუმცირდათ და საერთოდ დაკარგეს შემოსავალი", – განაცხადა გახარიამ.
პრემიერის თქმით, სახელმწიფოსგან 300 ლარის დახმარება 121719-მა თვითდასაქმებულმა, ხოლო 200-ლარიანი დახმარება 129 ათასზე მეტმა პირმა მიიღო, ვინც შემოსავალი დაკარგა.
რეგისტრაციის გავლა ასევე შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც უცხოეთში სეზონურ სამუშაოზე იყვნენ დასაქმებული.