გიორგი შაქარაშვილის საქმეში პორნოგრაფიული ვიდეო დევს? – ადვოკატის სკანდალური განცხადება

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან სამი კვირა გავიდა. საქმეში ახალი სკანდალური ვიდეო და ფოტომასალა გამოჩნდა, რომელიც შემთხვევით ადვოკატს ჩაუვარდა ხელში.
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატს ვასილ მამულაშვილს შეცდომით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გადასცა, შემდეგ კი სამართალდამცველებმა მას ხელწერილის დაწერა მოსთხოვეს ამ მასალის გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად. ინფორმაცია ადვოკატმა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიაწოდა.

რა ხდებოდა შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს – ვრცელდება იაკობ ბრეგვაძის გადაღებული ფოტოები

ადვოკატის თქმით, პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო და ვიდეომასალაში, სავარაუდოდ, ფიგურირებს საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის მეგობარი გოგონა. 

ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ ამ ხელწერილზე ხელი არ მოაწერა, ვინაიდან დაცვის მხრიდან არ არის საშიშროება, რომ ხსენებული მასალა გასაჯაროვდეს.

„გუშინ, ღამის 11 საათზე გასაუბრების მიზნით დაგვიკავშირდა პოლიცია. სამართალდამცველები ითხოვდნენ, რომ ჩვენ, დაცვის მხარეს გაფრთხილების შესახებ ხელწერილი დაგვეწერა. იგულისხმებოდა ამ ინფორმაციის შენახვა-გავრცელებასთან დაკავშირებით გაფრთხილება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. არანაირ გაფრთხილებას ხელი არ მოვაწერეთ და უკვე ჩვენ მოვითხოვეთ მათ მიერ გადმოცემული მტკიცებულებების განადგურება. ველოდებით, რომ საგამოძიებო ორგანო ამ ვიდეომასალის განადგურებასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდება“, – განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

შაქარაშვილის დაღუპვის საქმე: პოლიციამ ტრაგიკული წვეულების მასპინძელი გოგონა გამოკითხა

22 ივნისს 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

18-19 ივნისის ღამით მომხდარ ფაქტებზე აღძრულ საქმეებზე 26 ივნისს 17 პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი – სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალდებულთა შორის არიან ფეხბურთელები, მორაგბეები, მოჭიდავეები. მათგან რამდენიმე თავადაც დაზარალებულად ცნეს.

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: სასამართლომ 17-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს შაქარაშვილი მეგობართან ერთად ესწრებოდა მცხეთაში დაქირავებულ კერძო სახლში გამართულ წვეულებას, სადაც ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულებაზე სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარჩევა ქალაქისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე გაგრძელდა, სადაც საქმეში თბილისიდან ჩასული ახალი პირები ჩაერთვნენ, რადგან კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება“ გამოიძახა.

მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი გარჩევის ადგილს გაერიდა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ოთხი დღის ძებნის შემდეგ მაშველებმა და მყვინთავებმა მდინარეში იპოვეს.