თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობისთვის საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან, შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, შეუფერხებლად განხორციელდება, განაცხადა მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველო თავის საზღვრებს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ეტაპობრივად ხსნის და უკვე ცნობილია, რომ ქვეყანაში პირველებს ბიზნესმენებს შემოუშვებენ.
უცხოელი ბიზნესმენები ქვეყანაში ჩამოსვლისას ვალდებული იქნებიან ან გადაიხადონ 14 დღით კარანტინში განთავსების საფასური, ან ყოველ 72 საათში PCR–ტესტი ჩაიტარონ ასევე საკუთარი ხარჯებით.
როგორც მთავრობაში აცხადებენ, ეს დაეხმარება ამჟამად ურთულეს მდგომარეობაში მყოფ სასტუმრო სფეროს. კარანტინისა და ტესტების ჩატარების ფასები მისაღები იქნება, აღნიშნა ჩიქოვანმა.
ფასიანი კარანტინი და ტესტები არ ეხება გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველო თავის საზღვრებს უპირობოდ უხსნის.
საქართველო ხუთი ქვეყნისთვის საზღვრებს უპირობოდ ხსნის>>
ყველა ვიზიტორმა – როგორც ამ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებმა, ისე საქმიანი ვიზიტით ჩამომსვლელებმა – უნდა შეავსოს შესაბამისი ელექტრონული ანკეტა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სამთავრობო გვერდზე stopcov.ge
საქართველოს მოქალაქეებმა, თავის მხრივ, ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ უნდა გაიარონ სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი.