COVID-19 - ბოლო ცნობები

რა პროცედურებს გაივლიან ევროპის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლისას – დეტალები

საქართველოში შემოსვლის დროს ვიზიტორებს, პირველ რიგში, სპეციალური ელექტრონული ანკეტის შევსება მოუწევთ.
Sputnik

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება – ევროპის ხუთი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებთანაც საქართველო საზღვრებს ხსნის, ქვეყანაში შემოსვლას მხოლოდ საჰაერო გზით, პირდაპირი ავიარეისით შეძლებენ, განაცხადა ბრიფინგზე მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ღიაა დამატებითი შეზღუდვების გარეშე – მონტენეგრომ საქართველოსთვის საზღვრები გახსნა>>

უახლოეს პერიოდში საქართველო საზღვრებს ხსნის ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის, რომლებიც ასევე ყველანაირი პირობის გარეშე ხსნიან თავიანთ საზღვრებს საქართველოსთვის. ეს ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

საქართველო ხუთი ქვეყნისთვის საზღვრებს უპირობოდ ხსნის

„ზემოჩამოთვლილი ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეუძლიათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ამ ქვეყნებთან ავიამიმოსვლისა და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. გერმანულ კომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება აგვისტოდან კვირაში ორჯერ მიუნხენის მიმართულებით ფრენების შესრულების შესახებ. ამას გარდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავიაკომპანიებთან AirBaltic და AirFrance.

ვიზიტორებმა ამ ხუთი ქვეყნიდან საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის განმავლობაში თავიანთი მოგზაურობის ისტორია, ასევე სად აპირებენ კონკრეტულად საქართველოში გაჩერებას და უნდა დატოვონ საკონტაქტო მონაცემები.

პირბადე და დეკლარაცია: რა უნდა ვიცოდეთ ნიდერლანდებში მოგზაურობისას

იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტორი მოისურვებს, ან მას საზღვარზე თერმოსკრინინგის დროს დაუფიქსირდება 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, მას პირდაპირ აეროპორტში ჩაუტარებენ PCR–ტესტს.

ასევე სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ექნებათ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.

საქართველოში ჩამოსულ თითოეულ ვიზიტორთან აქტიური კომუნიკაცია ექნება სპეციალურად შექმნილ ქოლ-ცენტრის ჯგუფს, რომელიც მათზე იზრუნებს.

ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებთან, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, საქართველო დღეს არსებულ რეჟიმს შეინარჩუნებს. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლას შეძლებენ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

როგორ მოემსახურებიან ტურისტებს საქართველოში: ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

გარდა ამისა, მთავრობა განაგრძობს შესაბამის პროცედურებზე მუშაობას სხვა ქვეყნებისთვის, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საკუთარი საზღვრები საქართველოსთვის.

ამ ეტაპზე საქართველოსთვის საზღვრებს არ ხსნიან ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი.

თუმცა, უნგრეთთან ამუშავდა ერთობლივი კომისია, რომელიც ფრენების აღდგენის საკითხზე მუშაობს.

იტალიამ, კვიპროსმა, ისლანდიამ და სლოვენიამ განაცხადეს, რომ მზად არიან გახსნან საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით. მათ შორისაა ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა თვალყურს ადევნებს გლობალურ სურათს და თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ფრთხილ ნაბიჯებს დგამს.