თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები მიიჩნევენ, რომ მედიაში ქართველი სპორტსმენების მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს.
როგორც ცნობილმა ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ახლა კი პარლამენტის დეპუტატმა შოთა ხაბარელმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სპორტსმენებს ხშირად ამკობენ უსიამოვნო ეპითეტებს, რაც მათ სახელს უტეხს და მომავალ თაობებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: სასამართლომ 17-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა >>
„მინდა, მივუსამძიმრო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, მშობლებს, ახლობლებს. მართლაც ძალიან ცუდი რაღაცა მოხდა. არ უნდა მომხდარიყო თავისთავად ცხადია, მაგრამ ეს შეფასება, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ და ვისმენთ, არანაირად არ ესადაგება იმ ქართველი სპორტსმენების წარმატებას, რომელთაც არაერთხელ გაუთქვეს ქვეყანას სახელი. მინდა, მაგალითისთვის მოგიყვანოთ 2019 წლის ჩვენი სპორტსმენების შედეგები. 1 200 მედალი იქნა მოპოვებული ჩვენი სპორტსმენების მხრიდან. წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან 1 200-ჯერ აიწია საქართველოს დროშა. ეს არის ჩვენი ქვეყნის ცნობადობა, ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ გაცნობა მსოფლიოსთვის. საქართველოში შეტევა ხდება სპორტსმენებზე – იმ ადამიანებზე, რომლებმაც ცნობადი გახადეს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.
მისი თქმით, ახლახან მედიის თავდასხმის ობიექტი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე.
„სპორტსმენებს უყვართ თავიანთი ქვეყანა“, - აღნიშნა დეპუტატმა.
კომიტეტის სხვა წევრის, ირაკლი აბუსერიძის თქმით, ნებისმიერი სპორტის სახეობის წარმომადგენელმა, როგორც ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული, მაგრამ გამოძიების და სასამართლოს დასრულებამდე არავის აქვს უფლება ისინი დამნაშავეებად შერაცხოს.
„გიორგის ოჯახსაც არ გაუკეთებია ასეთი განცხადება. იმ ხალხს აინტერესებთ, უბედური შემთხვევა იყო თუ მკვლელობა. ამიტომ დაველოდოთ და მე ვთხოვ საზოგადოებას, რომ ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ ყველას, სპორტის სახეობას ჩრდილს ნუ მივაყენებთ და დამნაშავეებად ნუ შევრაცხავთ. რომელიღაც ადამიანმა შესაძლოა რაღაც ჩაიდინოს, მაგრამ იმის გამო, რომ მთლიანი ჯგუფი, მთლიანი სახეობა დამნაშავედ შერაცხო, მგონია, უსამართლობაა“, – განაცხადა აბუსერიძემ.
ამ ზაფხულს ორ გახმაურებულ საქმეში - 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების და ბათუმელი ახალგაზრდის ცემის საქმეებში ერთბაშად ექვსი სპორტსმენი ფიგურირებს.
შაქარაშვილის დაღუპვის საქმე: პოლიციამ ტრაგიკული წვეულების მასპინძელი გოგონა გამოკითხა >>
შაქარაშვილის საქმეში საუბარია სამ მორაგბეზე და ერთ ძიუდოისტზე, ხოლო ბათუმის საქმეში ფიგურირებენ იური და ლუკა ლომაძეები - ერთ-ერთია მოჭიდავე და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, მეორე - ფეხბურთელია,
სპორტსმენების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „თავისუფლების უკანონო აღკვეთის“ და „პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი ძალადობის“ მუხლებით.