მსოფლიო დღეს

ქალების გასაცნობად: მამაკაცი ავტომობილებს საბურავებს უზიანებდა

პოლიციამ დაადგინა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს დაახლოებით ათასამდე ავტომობილისთვის ჰქონდა დაზიანებული საბურავები.
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ქალების გაცნობის მიზნით მათი ავტომობილების საბურავებს უშვებდა. დაკავება იაპონიის ქალაქ ჰიგასიურაში მოხდა, იუწყება გამოცემა South China Morning Post.

პოლიციელმა ახალგაზრდები გააჩერა და... ჩემოდანში ცხედარი აღმოუჩინა

ირკვევა, რომ პოლიცია ახალგაზრდა მამაკაცით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მათ 43 წლის ქალმა მიმართა. ქალი სუპერმარკეტიდან ავტომობილით ბრუნდებოდა შინ, როდესაც შენიშნა, რომ მანქანას საბურავი ჰქონდა დაშვებული. როგორც კი ავტომობილი გზის პირას გადააყენა, მის გვერდით მაშინვე გაჩერდა უცნობი მძღოლი და დახმარება შესთავაზა.

ქალს უცბად გაახსენდა, რომ გასულ წელსაც სწორედ ასე დაემართა და ეს დამთხვევა საეჭვოდ მიიჩნია. ამიტომ აღნიშნულის შესახებ პოლიციას აცნობა.

სამართალდამცველებმა სუპერმარკეტის ავტოსადგომზე სათვალთვალო ვიდეოკამერები შეამოწმეს და აღმოაჩინეს, როგორ აზიანებდა ქალის ავტომობილის საბურავს ვიღაც მამაკაცი, შემდეგ კი მას საკუთარი მანქანით აედევნა.

პოლიციამ დაადგინა ბოროტმოქმედის ვინაობა. გაირკვა, რომ ეს 32 წლის იოსიტო ჰარადა იყო. დაპატიმრების შემდეგ მან თავისი საქციელი ქალთან გაცნობის სურვილით ახსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს „მსხვერპლთა“ გაცნობის მიზნით დაახლოებით ათასი ავტომობილისთვის ჰქონდა საბურავები დაზიანებული.