მსოფლიო დღეს

პესიმისტური სცენარი: გაეროს გენმდივანი პოსტპანდემიური მსოფლიოს ორ ვერსიას ასახელებს

ანტონიუ გუტერიშის თქმით, ჯერჯერობით რთულია გაგება, რომელი მიმართულებით მოძრაობს მსოფლიო — პესიმისტური სცენარისკენ თუ ოპტიმისტურისკენ.
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიოს შემდგომი განვითარების მხოლოდ ორი სცენარი ექნება, რომელთაგან ერთი ფრიად პესიმისტურია, განუცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა გამოცემა Aftonbladet-ს.

მისი თქმით, COVID-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა ისედაც რთული მდგომარეობა თანასწორობის მხრივ — როგორც ქვეყნების შიგნით, ისე სახელმწიფოთა შორის.

რა იქნება პანდემიის შემდეგ: ფუტუროლოგები სამ სცენარს ასახელებენ

გუტერიშის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ მომავლის განჭვრეტა შეუძლებელია, ის მხოლოდ ორ სცენარს ხედავს პოსტპანდემიური სამყაროსთვის – პესიმისტურსა და ოპტიმისტურს.

გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ უარეს შემთხვევაში მსოფლიოს გლობალური დეპრესია ემუქრება, რა დროსაც მნიშვნელოვნად მოიმატებს სეგრეგაციისა და ქსენოფობიის შემთხვევები.

„თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება, ჩვენ ვიხილავთ, როგორ იზრდება სეგრეგაცია, პოპულიზმი და ქსენოფობია. თითოეული ქვეყანა ან დამოუკიდებლად იმოქმედებს, ან კოალიციებს შექმნიან კონკრეტულ ამოცანებში თანამშრომლობის მიზნით“, — განაცხადა გუტერიშმა.

ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, მოსალოდნელი იქნება 5-7 წლით დეპრესიის დადგომა. 

ოპტიმისტური სცენარი კი ეკონომიკების საყოველთაო აღდგენასა და განვითარებადი სახელმწიფოებისთვის დახმარების გაწევას მოიაზრებს.

დაჩიპავს თუ არა მილიარდერი კაცობრიობას: ბილ გეიტსი კომენტარს აკეთებს>>

  • „თუ ასე მოხდა და ეკონომიკა ეტაპობრივად აღდგა, ჩვენ საჭირო მიმართულებით დავიწყებთ მოძრაობას, რათა ორ-სამ წელიწადში რაღაც ხარისხით მაინც დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას“, — განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

გუტერიშის თქმით, ჯერჯერობით რთულია გაგება, რომელი მიმართულებით მოძრაობს მსოფლიო — პესიმისტური სცენარისკენ თუ ოპტიმისტურისკენ. ამიტომ აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს უარესთან გასამკლავებლად და ასევე ვემზადოთ უკეთესისთვის.