საქართველოს მთავრობა ენერგეტიკის სფეროს ინვესტორებს დაეხმარება

მცირე და საშუალო ჰესების ინვესტორები ენერგობირჟაზე ვაჭრობისას თითოეული გაყიდული კვტ/სთ-სთვის სახელმწიფოსგან დამატებით 0,015 დოლარს მიიღებენ.
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიების წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა, რაც ჰიდრორესურსების მაქსიმალურ გამოყენებასა და „მწვანე ენერგიის" განვითარებას დაეხმარება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ენერგოეფექტურობის თემაზე გამართულ კონფერენციაზე მთავრობებისთვის რეკომენდაციები შემუშავდება>>

მინისტრის განცხადებით, დიდხანს მიმდინარეობდა დისკუსიები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს სახელმწიფო იმ ინვესტორებს, რომლებსაც მცირე და საშუალო ჰიდროსადგურების განვითარება სურთ.

EBRD საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებისთვის 90 მილიონ ევროს გამოუყოფს

ენერგეტიკის რეფორმის ფარგლებში ხელისუფლებამ დააარსა ენერგეტიკული ბირჟა, სადაც საათობრივი ვაჭრობა განხორციელდება. ამ ბირჟის შექმნის შედეგების საფუძველზე აამოქმედეს წესები, რომლის თანახმად, მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურებში ინვესტირების მსურველები ივაჭრებენ ამ ბირჟაზე და აქ მიღებულ შემოსავალთან ერთად დამატებით სახელმწიფოსგან თითოეული გაყიდული კილოვატ/საათისთვის 0,015 დოლარს მიიღებენ.

„ასეთი მექანიზმები, რაც წაახალისებს დარგში მეტ ინვესტიციას, აუცილებლად უნდა გვქონდეს ინვესტორებისთვის შეთავაზებული. ეს არსებითად საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული მექანიზმია, მაგრამ გამოხატულია მხარდაჭერაც სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც უზრუნველყოფს იმ რისკების განეიტრალებას, რაც ბაზრის ფასის ცვალებადობასთან არის დაკავშირებული", – განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

საქართველოში ახალმა მსხვილმა შუახევიჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო>>

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ევროპული პრაქტიკაა, რომლის წყალობითაც ინვესტიციები ენერგეტიკაში უფრო მიმზიდველი გახდება. მისი თქმით, ენერგეტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

საქართველოში კიდევ ერთი ჰესი აშენდება

ენერგოუსაფრთხოება პრიორიტეტულია

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე 10 წლის შემდეგ საქართველო შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს. პროგნოზების თანახმად, ელექტროენერგიის მოხმარება უკვე 2030 წლისთვის 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.

ამიტომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია რაც შეიძლება მეტი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რადგან ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე მთლიანად დაყრდნობა არ შეიძლება. ქარის სადგურებს ჰიდროენერგეტიკის 100%-ით ჩანაცვლება არ შეუძლია. ამ სადგურებს აქვთ სტაბილურობასა და გენერაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში დაგეგმილია 13 ახალი ენერგეტიკული პროექტის დაწყება, მათ შორისაა რვა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ექსპლუატაციაში კი შევა 14 ახალი ჰიდროელექტროსადგური.