თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. საბერძნეთში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულ ტურისტთა რაოდენობა, იუწყება РИА Новости ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ორგანიზაციაზე დაყრდნობით.
ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა 43 ახალი შემთხვევა. დაავადებულთა უმეტესობა - 36 ადამიანი - ქვეყანაში შემოსვლისას კონტროლის დროს გამოავლინეს.
გუშინ ცხრა ახალი შემთხვევიდან შვიდი შემოტანილი იყო, ორი დღის წინ 25 ახალი შემთხვევიდან შემოტანილი იყო რვა, სამი დღის წინ 28 ახალი შემთხვევიდან შემოტანილი იყო 13.
საბერძნეთის ხელისუფლებამ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო დილის 6 საათიდან სერბეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალა.
საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ პანდემიის დასაწყისიდან 3562-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან არავინ გარდაცვლილა. COVID-19-ით საბერძნეთში საერთო ჯამში 192 ადამიანია გარდაცვლილი.