თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოში არსებულ პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი ორშაბათიდან, 6 ივლისიდან განახლდება, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
ამ დროისათვის 70-მა სახელწიფო და კერძო პროფსასწავლებელმა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმება გაიარა და სასწავლო პროცესის განახლებაზე ნებართვა მიიღო. დაწესებულებები ვალდებული არიან ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია შეასრულონ.
განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა დასავლეთ საქართველოში კოლეჯები „ფაზისი“ (ფოთი) და „ჰორიზონტი“ (ოზურგეთი) მოინახულა და საგანმანათლებლო პროცესის დაწყებისთვის სამზადისს ადგილზე გაეცნო.
ქიტიაშვილის თქმით, აქ უსაფრთხოების ყველა წესია გათვალისწინებული და ორივე პროფესიული კოლეჯი სრულ მზადყოფნაშია. სტუდენტებისთვის უსაფრთხო გარემოა შექმნილი.
გასულ კვირაში საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პროფსასწავლების სტუდენტებს სწავლის პროცესში სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ.
გახარიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას ქვეყანაში, ამასთან ხელს არ შეუშლის სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს, რადგან ეს იქნება ერთჯერადი გადავადება.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე პროფსასწავლებლების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მარტი-აპრილში აქტიურად მიმდინარეობდა სტუდენტების მომზადება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა IT-პროგრამები, უცხო ენები, ბუღალტერია, სასტუმროებისა და გაყიდვების მარკეტინგი. ამ ეტაპზე პროფსასწავლებლების ადმინისტრაციები დისტანციურ რეჟიმში ემზადებიან შემოდგომაზე სტუდენტების მისაღებად, უკვე დაწყებულია შესაბამისი პროგრამების შემუშავება.