თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ Covid-19-ის პირობებში კინოწარმოების კუთხით ახალი რეკომენდაციები დაამტკიცა.
პირველ რიგში შეზღუდვები შეეხება იმ ლოკაციებს, სადაც გადაღებები მიმდინარეობს. ყველა ლოკაცია პროცესისთვის წინასწარ უნდა მომზადდეს. ამასთან, სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის უნდა შეიზღუდოს იმ ადგილების მონახულება, რომელიც გადაღებების პროცესთან კავშირში არ არის.
ამასთან, გადასაღებ მოედანზე უნდა მოეწყოს სპეციალური ზონები, რომლებიც ადგილზე უცხო პირთა შესვლას გამორიცხავს.
დამატებითი რეკომენდაციები:
- გადასაღებ მოედანზე მინიმუმ ერთი მედიკოსი ნდა იმყოფებოდეს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ცოდნა კორონავირუსის დიაგნოსტიკის და პრევენციის კუთხით.
- თითო ლოკაციაზე უნდა იყოს მინიმუმ ერთი პასუხისმგებელი პირი, რომელიც ყველა რეკომენდაციის შესრულებას გააკონტროლებს.
შეზღუდვები თავად გადაღებების პროცესსაც შეეხო - განრიგი ისე უნდა შედგეს, რომ ჯგუფის წევრებს შორის კონტაქტი მინიმალური იყოს. რეკომენდებულია, რომ ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ აღემატებოდეს 10 კაცს. თითოეულ 5 კვადრატულ მეტრ ფართობზე უნდა იმყოფებოდეს ერთი ადამიანი, ჯგუფებს შორის ინტერვალი 1-1,5 საათს უნდა შეადგენდეს.
რეკვიზიტის რაოდენობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. თუ ერთსა და იმავე კოსტიუმს იყენებს რამდენიმე მსახიობი, ყოველი გამოყენების შემდეგ მისი დეზინფექცია უნდა ჩატარდეს.
გადაღებების დასრულების შემდეგ ყველა რეკვიზიტს, ინსტრუმენტს, ხმის დანადგარებს და ა.შ. დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს.
გადაიღე საქართველოში
დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საქართველოში მოქმედებს პროექტი, რომლის ფარგლებში ფილმების გადაღებებისას შეღავათები მოქმედებს.
„გადაიღე საქართველოში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტია, რომელიც გულისხმობს იმ თანხის 25%-ის უკან დაბრუნებას, რომელიც ფილმის შემქმნელებმა საქართველოს ტერიტორიაზე მისი გადაღებისას დახარჯეს. 2019 წელს ეს თანხები 10 საერთაშორისო პროექტის ავტორებს დაუბრუნდა.
ერთ–ერთი გახმაურებული პროექტი იყო ბლოკბასტერ „ფორსაჟი 9“-ის გადაღება, რომელმაც სახელმწიფო ხაზინა 32 მილიონი ლარით შეავსო. თანხაში შევიდა ტექნიკის, შენობების დაქირავება და პერსონალის დასაქმება. გადაღებები მიმდინარეობდა თბილისისა და რუსთავის ქუჩებში.