რუსეთი განაგრძობს სუხოვისა და მიქოიანის საბრძოლო ეფექტურობითა და საიმედოობით გამორჩეული გამანადგურებლების ექსპორტის განვითარებას. ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ტრადიციულად რუსულ იარაღს ამჯობინებენ და ეს არჩევანი ძვირადაც ფასობს.
ინდოეთის თავდაცვითი შესყიდვების საბჭომ ინდოეთის სამხედრო-შეიარაღებული ძალებისთვის 12 რუსული მრავალმიზნიანი გამანადგურებლის - Су-30МКИ-სა და 21 გამანადგურებლის - МиГ-29-ის შეძენისა და МиГ-29-ის 59 თვითმფრინავის მოდერნიზების გადაწყვეტილება მიიღო. Су-30МКИ-ის ახალი პარტია 1,42 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, МиГ-29-ის თვითმფრინავები კი 984 მილიონ დოლარად. საერთო ჯამში ფასი ორ მილიარდ დოლარს აჭარბებს. თვითმფრინავები ინდოელ პარტნიორებს მიმდინარე წლის ბოლომდე გადაეცემა.
მიუხედავად დასავლეთის სასტიკი წინააღმდეგობისა, რუსეთმა მშვიდობიანად დაიპყრო შეიარაღების მსოფლიო ბაზრის თითქმის მესამედი. „როსობორონექსპორტის“ პორტფელში 55 მილიარდი დოლარის ღირებულების შეკვეთაა (მეორე ადგილი აშშ-ის შემდეგ). ამასთან, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნებულია 53-56 მლრდ-ის „დერეფანი“.
რუსეთის შეიარაღების ექსპორტის დაახლოებით 45% ავიაციაა. დამაჯერებელი წარმატების მიღწევას მაღალტექნოლოგიური შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე ხელს უწყობენ Су-30 და МиГ-29, რომლებიც მრავალი პარამეტრით სამართლიანად ითვლებიან საუკეთესოდ ჩვენს პლანეტაზე. მათ იყენებენ ათობით ქვეყანაში. გამანადგურებლებზე დიდი მოთხოვნილებაა დსთ-შიც.
რუს პარტნიორებზე არჩევანის შეჩერება შემთხვევითი არ არის. მრავალმიზნიანი მაღალი მანევრულობის 4++ თაობის გამანადგურებელი Су-30 შექმნილია საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად დღისითა და ღამით, მარტივ და რთულ კლიმატურ პირობებში, აქტიური და პასიური დაბრკოლებების გამოყენებისას. თვითმფრინავს შეუძლია რვა ტონა საბრძოლო ტვირთის ზიდვა 2125 კმ/სთ-მდე სიჩქარით და საჰაერო თავდასხმებისგან თავისი ჯარების ეფექტურად დაცვა, მოწინააღმდეგის მასირებული თავდასხმის მოგერიება (ფრთოსანი რაკეტების ჩათვლით). უკვე ექსპორტირებულია და საექსპორტოდ გამზადებულია მრავალი ასეული Су-30МКИ.
მეოთხე თაობის გამანადგურებელი МиГ-29 ფლობს მძლავრ სარაკეტო შეიარაღებას და მაქსიმალური სიჩქარით - 2,25 მახით - შეუძლია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნებისმიერი გამანადგურებლის უკან მოტოვება. მისი საჰაერო უპირატესობა შემოწმებულია საბრძოლო მოქმედებებში სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ეთიოპიაში, ერითრეაში, იუგოსლავიაში, სუდანში, სირიაში და აღიარებულია დასავლეთში. МиГ-29 გამანადგურებელი 25 სახელმწიფოს სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაშია.
დსთ-ში
რუსეთი შეიარაღებას ყიდის მსოფლიოს ორმოცდაათ ქვეყანაში, მათ შორის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შვიდ ქვეყანაში, სადაც შემტევ ავიაციას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მაგალითად, ბელარუსმა კონტრაქტით გათვალისწინებული 12 თვითმფრინავიდან უკვე მიიღო ოთხი უახლესი Су-30СМ.
12 ერთეული Су-30СМ მრავალმიზნიანი გამანადგურებელი უკვე შეძენილი აქვს სომხეთს. რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებენ ასევე МиГ-29 გამანადგურებლებს. ერევანი რუსული წარმოების თვითმფრინავების ხარჯზე მომავალშიც გეგმავს ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების საბრძოლო პოტენციალის გაძლიერებას.
ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს, დაგეგმილი 36 ერთეული Су-30СМ გამანადგურებლიდან, 12 მანქანა ახლო მომავალში გადაეცემა.
Су-30СМ გამანადგურებლების პარტიით სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებას აპირებს ასევე უზბეკეთი რუსული სახელმწიფო საექსპორტო კრედიტის ხარჯზე. გარდა ამისა, რუსეთი ეხმარება მას 30 ერთეული МиГ-29-ის მოდერნიზებაში.
სუხოვისა და მიქოიანის თვითმფრინავებს სწავლობენ ასევე აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების სპეციალისტები. მათ ამ ორ მოდელს შორის რთული არჩევანის გაკეთება მოუწევთ. რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალებს უკვე მოეპოვებათ Миг-29 გამანადგურებლები.
უახლოესი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესი კანონზომიერია. მძლავრი და მაღალი მანევრულობით გამორჩეული შემტევი თვითმფრინავები მსოფლიოში კონსტრუქტორული ნააზრევის შედევრად მიიჩნევა.
რუსეთი მაღალტექნოლოგიური შეიარაღების საიმედო მომწოდებლის რეპუტაციით სარგებლობს. თუმცა დავუბრუნდეთ ინდურ კონტრაქტებს.
სანიმუშო თანამშრომლობა
რუსეთისა და ინდოეთის ურთიერთობა 2011-2020 წლებში სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის საფუძველზე ვითარდება. „როსობორონექსპორტში“ ინდური შეკვეთების პორტფელი 4 მილიარდ დოლარს აღემატება. ინდოეთი უმსხვილესი პარტნიორების პირველ სამეულშია ჩინეთთან და ეგვიპტესთან ერთად. რუსეთის წილი ინდოეთის შეიარაღების იმპორტის საერთო მოცულობის 70%-ს შეადგენს, ნიუ-დელის შესყიდვების დივერსიფიკაციის ფონზეც კი. ამას ემატება კონტრაქტები ადრე შეძენილი რუსული საავიაციო ტექნიკის ძვირადღირებული მოდერნიზაციის შესახებ.
ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის 16 ერთეული МиГ-29К/КУБ გამანადგურებლის მიწოდების პირველი კონტრაქტი 2011 წელს დასრულდა. ორი წლის შემდეგ დაიწყო მეორე კონტრაქტის შესრულება 29 ერთეული ანალოგიური მანქანის მიწოდებაზე. დღეს რუსეთის საავიაციო კორპორაცია „МиГ“, 2008 წელს 900 მლნ დოლარზე გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, ინდოეთს 62 ერთეული МиГ-29-ის (МиГ-29UPG-ის მოდიფიკაცია) მოდერნიზებისთვის ტექნოლოგიურ კომპლექტებს აწვდის.
ინდოეთმა და რუსეთმა 2000 წელს გააფორმეს 3,5 მლრდ დოლარის ღირებულების კონტრაქტი ინდოეთისთვის 140 ერთეული Су-30МКИ გამანადგურებლის ინდურ საწარმოში HAL (Hindustan Aeronautics Limited) გამოშვების ლიცენზიის მიყიდვის თაობაზე. მოგვიანებით მხარეები შეთანხმდნენ 222 მანქანის გამოშვებაზე და დღეს ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში დაახლოებით 270 ერთეული Су-30МКИ გამანადგურებელია.
რუსეთისა და ინდოეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, რომელიც მუდმივად ვითარდება, მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის სანიმუშოდ იქცა. წარმატებას თან ახლავს შეიარაღების სისტემების ერთობლივი პროექტირება და შემუშავება, ტექნოლოგიების გაცვლა, საავიაციო-კოსმოსური პროექტები.
თანამშრომლობას ხელს ვერც ის სანქციები უშლის, რომელთა დაწესებითაც ინდოეთს МиГ-29-ის შეძენის შემთხვევაში (ამერიკელების მიერ შეთავაზებული F-16-ის ნაცვლად) აშშ ემუქრება. ადრე სანქციები ვრცელდებოდა Су-35 გამანადგურებლებსა და С-400 საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე.