აბაშაში ხორბლის მოსავალს იღებენ

აბაშაში ხორბლის მოყვანა ფერმერებმა შარშან განაახლეს და წელს ეს კულტურა 200 ჰექტარამდე მიწის ფართობზეა დათესილი.
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. სამეგრელოში, აბაშაში ფერმერები ხორბლის მოსავალს იღებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წელს ხორბალი აქ 200 ჰექტარამდე მიწის ფართობზეა დათესილი

აბაშის მუნიციპალიტეტში ხორბლის მოყვანა ფერმერებმა გასულ წელს განაახლეს. წელს ეს სასოფლო-სამეურნეო კულტურა თავის ნაკვეთებზე მცირე მიწიანმა ფერმერებმაც დათესეს.

გახარია: საქართველოს სოფლის მეურნეობას საექსპორტო პოტენციალი აქვს

მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის ტექნიკა.

ფერმერებმა წელს იმ საწვავის ვაუჩერებით და აგრობართებითაც ისარგებლეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ითვალისწინებს.

აბაშაში ანჯერის მასივში ფერმერებს შეხვდა და ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია.

„ჩვენ დღეს ვიმყოფებით აბაშის მუნიციპალიტეტში, სადაც ვხედავთ, რომ სამეგრელოშიც შეიძლება ხორბლის მოყვანა, არა მხოლოდ ხორბლის, არამედ სხვა თავთავიანი კულტურის. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ფერმერები ამ საქმეში აქტიურად არიან ჩართულნი, მათ ჰყავთ ძალიან მაღალკვალიფიციური კონსულტანტები“, - აღნიშნა რწმუნებულმა.

შიდა ქართლში კალიებს ებრძვიან >>

აბაშაში მხარის რწმუნებულთან ერთად მისი მოადგილეები, მალხაზ თორია და დავით ვერავა, აბაშის მერი ლევან მაკალათია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე იმყოფებოდნენ.