გახარია რურუას გათავისუფლებაზე – ყველა დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს

გიორგი რურუა დამნაშავეა თუ არა, უნდა გათავისუფლდეს თუ პატიმრობაში დარჩეს – საბოლოო ვერდიქტს სასამართლო გამოიტანს, აცხადებს პრემიერი.
Sputnik

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან არ უნდა ჰქონდეს არანაირი კავშირი, ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას, დაირღვა თუ არა 8 მარტის შეთანხმება იმ ფაქტით, რომ გიორგი რურუა ისევ პატიმარია. 

ოპოზიცია: გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება

საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა, რომელიც ბევრი ოპოზიციონერის ახლო მეგობარია, გასული წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

„ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. ქართული სასამართლო საბოლოო ვერდიქტს და გადაწყვეტილებას რომ გამოიტანს, შემდეგ ვილაპარაკოთ დანარჩენზე“, – განაცხადა გახარიამ.

ოპოზიცია გიორგი რურუას პოლიტპატიმრად თვლის და მის გათავისუფლებას მოითხოვს. რურუას გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, ოპოზიციის განცხადებით, 8 მარტის მოლაპარაკებისას იქნა მიღწეული. სწორედ რურუას გათავისუფლება იყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობის ულტიმატუმი.

მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ორშაბათს, 29 ივნისს 117 ხმით სამის წინააღმდეგ მიიღო. 

საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცებულია... რურუა ისევ პატიმრობაში დატოვეს

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციურ ფრაქციებს „ევროპულ საქართველოს“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

ამასთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა განაცხადა, რომ „გიორგი რურუა 8 მარტის შეთანხმებაში მოხსენიებული არ არის, ეს აბსოლუტურად ნათელია და ამის წაკითხვა ნებისმიერს შეუძლია“.

ელჩის განცხადებაზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდათ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ოპოზიციის მხრიდან ჰუბერტ კნირშის მისამართით გაკეთებული მკვეთრი განცხადებების გამო ხელისუფლებამ ელჩს ბოდიში რამდენჯერმე მოუხადა.

თავად რურუა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი მას „ჩაუდეს“. მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხჯერ არ დააკმაყოფილა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა. სასამართლომ გადაწყვეტილება ახსნა იმ მოსაზრებით, რომ თავისუფლებაზე მყოფმა რურუამ შეიძლება ქვეყანა დატოვოს ან მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს.