ემიგრანტი ქალის წერილები: „მინდა–არ მინდა, სხვა რა გზაა? – ძლიერი უნდა ვიყო“

ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...
Sputnik

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. როგორც ჩანს, მათ ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ, ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია...

ემიგრაციაში ისიც პრობლემების გამო მოხვდა. იტალიაში კარანტინში ყოფნის დროს რვეულის ფურცლებზე ცარცით ხატვა დაიწყო. ის რთული პერიოდი ამან გადაატანინა. ეს შორენა ქუმსიაშვილის ემიგრანტული ისტორიაა, რაზეც თავის ღია წერილში გვიამბობს...

ემიგრანტი ქალის წერილები: „მინდა–არ მინდა, სხვა რა გზაა? – ძლიერი უნდა ვიყო“

ბავშვობიდან პრანჭია ვიყავი, თავად ვქმნიდი კაბის მოდელებს. ჩემს მეგობრებსაც მე ვურჩევდი სტილს, ვუხატავდი რა და როგორი სამოსი მოუხდებოდათ. თბილისში დავიბადე და ექვს წლამდე ბარათაშვილის ხიდთან ვცხოვრობდით. კარგად მახსოვს ის ქვაფენილი, აღმართი და ჩვენი ქუჩა... მერე გლდანში გადავედით და იქ ვსწავლობდი 39-ე სკოლაში. რას აღარ მოვკიდე ხელი, რომ აქეთ არ წამოვსულიყავი, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

ემიგრაციაში ვარ ცხრა წელი, ამ დროის განმავლობაში ორჯერ ვიყავი საქართველოში. უსაბუთო ვარ, მაგრამ გავრისკე და გამიმართლა, რომ უკან უპრობლემოდ დავბრუნდი. თავიდან მივდიოდი საბერძნეთში, სადაც დედა, დეიდა და ნათესავები მყავდა, მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ ხელი არ შემეწყო და უცებ მივიღე გადაწყვეტილება, წამოვსულიყავი იტალიაში, სადაც ჩვენი ოჯახის ახლობელი დარეჯან ნადირაძე დამხვდა. შვილივით მიმიღო.

ემიგრანტი ქალის წერილები: „მინდა–არ მინდა, სხვა რა გზაა? – ძლიერი უნდა ვიყო“

იტალიაში ძალიან კარგ ოჯახში მოვხვდი, რამდენიმე დღეში დაბადების დღე მქონდა და აღვნიშნეთ, ამ ოჯახის ყველა წევრიც მაშინ გავიცანი.

თავს ძლიერ ადამიანად ვთვლი და ამიტომ აქაურობასთან შეგუება არ გამჭირვებია. თუმცა, მინდა–არ მინდა, სხვა რა გზაა? – ძლიერი უნდა ვიყო. უცხოეთში ყველაზე მეტად შვილები მენატრება, ჩემი ორი ბიჭი, რომლებიც სიცოცხლეს მირჩევნია. მათ გამო ყველაფერს ავიტან და გავუმკლავდები. ღმერთს მადლობა მინდა ვუთხრა, რომ ასეთი კარგი  შვილები მარგუნა.

კარანტინის დროს ძალიან მინდოდა თავი რამით გამერთო. მინდოდა მეხატა, მაგრამ არ მქონდა სახატავი ფანქრები და ქაღალდი, ამიტომ რვეულის ფურცლებზე ცარცით ხატვა დავიწყე. ერთ საღამოს ერთმა კეთილმა გოგომ, ნათია კაკაბაძემ, რომელსაც მაშინ კარგად არც ვიცნობდი, დამირეკა და მითხრა, შენს სახლთან ვდგავარ და გამომხედეო. გარეთ გასულს ნათია ფერადი ფანქრებით დამხვდა – საჩუქრად მომიტანა. ვერ წარმოიდგენთ, ჩემთვის ეს რა სიხარული იყო, ნათიამ ხატვის სტიმული მომცა. მაშინ დავრწმუნდი, რომ ქვეყნად არიან ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ჩემს სიხარულს, ამიტომ არ მინდა, რომ მათ იმედები გავუცრუო.

ემიგრანტი ქალის წერილები: „მინდა–არ მინდა, სხვა რა გზაა? – ძლიერი უნდა ვიყო“

ნათიას სოციალურ ქსელში აქვს შექმნილი ჯგუფი, სადაც დამატებული ჰყავს ადამიანები, რომლებმაც ნიჭი გამოავლინეს სხვადასხვა სფეროში. მეც ასე მოვხვდი ამ ჯგუფში. როდესაც ჩემს ლექსს ან ნახატს ვდებდი ჯგუფში, ისინი მოწონებას იმსახურებდა. ეს ჩემთვის სტიმული იყო იმისთვის, რომ მეხატა და მეწერა. მუზა ღამეც მწვევია, ავმდგარვარ და რაღაც დამიწერია, ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

ემიგრანტი ქალის წერილები: „მინდა–არ მინდა, სხვა რა გზაა? – ძლიერი უნდა ვიყო“

ვოცნებობ, რომ პრობლემები მოვაგვარო და დარჩენილი ცხოვრება ჩემს შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატარო. მინდა საქართველოში მალე დავბრუნდე და მქონდეს სამსახური ჩემი პროფესიით. ძალიან მენატრება ჩემი დედიკო და საყვარელი ადამიანები, რომლებიც მძიმე პერიოდში მამხნევებდნენ.

ემიგრანტი ქალის წერილები: „მინდა–არ მინდა, სხვა რა გზაა? – ძლიერი უნდა ვიყო“

ჩემი ნება რომ იყოს, არც ერთ დედას არ გავუშვებდი შვილებისგან შორს, რადგან მათ დედა ახლოს სჭირდებათ. ღმერთს ვთხოვ, ისე აეწყოს ცხოვრება, რომ არც ერთ დედას არასოდეს დასჭირდეს პრობლემების გამო ოჯახიდან შორს წასვლა...