თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. დანიამ ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული სიიდან მხოლოდ ექვსი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყევტილება მიიღო, რომელთა შორის საქართველო არ არის, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
დანიაში მოგზაურობას ჯერჯერობით მხოლოდ ავსტრალიის, კანადის, იაპონიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეისა და ტაილანდის მოქალაქეები შეძლებენ.
ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. უსაფრთხო სიაში 15 ქვეყანა შევიდა. ესენია საქართველო, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მაროკო, სამხრეთ კორეა, ალჟირი, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნა შვეიცარიამ, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა და ლატვიამ და შვედეთმა.
საქართველოს მოქალაქეებს შვედეთმა საზღვრები გაუხსნა >>
საქართველოს მოქალაქეები შვედეთში მოგზაურობას 4 ივლისიდან, ხოლო შვეიცარიის მონახულებას 20 ივლისიდან შეძლებენ.
საქართველომ, თავის მხრივ, კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე 1 ივლისიდან გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადადო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვითაა განპირობებული.