ისტორიული პროცესი – პოლიტიკური ცვლილებების პრემიერისეული შეფასება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, დემოკრატიის განვითარების ახალ დონეზე გადასვლის საშუალებას იძლევა.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი რთული, დინამიკური, ემოციური, მაგრამ, ამავე დროს, ისტორიულად მნიშვნელოვანია.

გახარია: პოლიტიკური კულტურის გაუმჯობესებისთვის საარჩევნო სისტემა არის ერთადერთი გზა>>

მისი თქმით, წინაა საარჩევნო კოდექსში საკანონმდებლო შესწორებების მიღება.

„როგორც შედეგი, დღეს ჩვენ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და დღეს პროცესშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საარჩევნო ცვლილებები, რასაც, დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი წარმატებით დაასრულებს", – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა გამოთქვა რწმენა იმისა, რომ ეს ისტორიული პროცესი საქართველოს საშუალებას მისცემს, გადავიდეს დემოკრატიზაციისა და ევროპული ინტეგრაციის ახალ ეტაპზე.

გახარია: გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები – პრიორიტეტი ნომერი ერთი

„ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, გადავიდეს დემოკრატიზაციისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ახალ ეტაპზე, რომელიც, რა თქმა უნდა, მეტ მდგრადობასა და სტაბილურობას შესძენს ჩვენ დემოკრატიულ განვითარებას. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ პროცესის საბოლოო მიზანი და შედეგი უნდა იყოს ღია, დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი არჩევნები, რომელიც ჩვენი პასუხისმგებლობაა და, რა თქმა უნდა, ყველა ერთად ჩავატარებთ უმაღლეს დონეზე", – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლარიზაციის ხარისხი საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ საზოგადოებამ ეს წინააღმდეგობა გადალახა.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, იმის მიუხედავად, რა პოლიტიკურ პლატფორმას წარმოვადგენთ, რა თქმა უნდა, პოზიტიური როლი უნდა შევიტანოთ ამ ისტორიულ პროცესში და საბოლოოდ ეს ისტორიული პროცესი უნდა დაგვირგვინდეს გამჭვირვალე, ღია, დემოკრატიული არჩევნებით", – განაცხადა გახარიამ.

„კიდევ ერთი ნაბიჯი წინ" – გახარია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე>>

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ეს არჩევნები გახდება არა რომელიმე პარტიის ან საზოგადოებრივი ჯგუფის, არამედ საქართველოს გამარჯვება.

საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.