აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდაზე პირბადის გარეშე ყოფნა ნებადართულია

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და დასრულდება 25 ივლისს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი დარეგისტრირდა.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის მოხსნის შესაძლებლობა ექნებათ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

გახარიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. 

რა შემთხვევაში დაუშვებენ აბიტურიენტებს გამოცდაზე პირბადის გარეშე - პრემიერის ვარაუდი

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების მიხედვით, აბიტურიენტი გამოცდის მთელი პერიოდის განმავლობაში ვალდებული იყო პირბადით ყოფილიყო.

„იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად ძალიან კარგად მოემზადა ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის ჩატარების პერიოდში პირბადის მოხსნის საშუალება ექნება, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული“, – განაცხადა პრემიერმა.

გახარიას განმარტებით, ყველა საგამოცდო სივრცეში ფანჯრები აუცილებლად ღია უნდა იყოს, მაგრამ თუ ოთახში ტემპერატურა 30 გრადუზე მაღალი იქნება, ნებადართული იქნება კონდიციონერის ჩართვაც.

როგორ ჩატარდება გამოცდები

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და დასრულდება 25 ივლისს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი დარეგისტრირდა. 

რა ახალი წესები შეიძლება ამოქმედდეს აბიტურიენტებისთვის ეროვნულ გამოცდებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, წელს თითოეული საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50 პროცენტი იქნება გამოყენებული. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი – ერთი მეტრი.

საგამოცდო ცენტრში შესვლის წინ ყველა აბიტურიენტი თერმოსკრინინგს გაივლის.

აბიტურიენტებმა დადგენილი რეკომენდაციები უნდა დაიცვან. კერძოდ, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ პირბადე ადგილის დაკავებამდე, შესაბამისი მითითების შემდეგ დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით. თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი.

აბიტურიენტებს შეუძლიათ თან იქონიონ ასევე წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე.წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ ბურთულიანი წვერით.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცე გამოცდის დაწყებამდე გაგრილდება. როდესაც აბიტურიენტები დარბაზში შევლენ, კონდიციონერებს გამორთავენ. სესიებს შორის ადგილებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.