COVID-19 - ბოლო ცნობები

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის ცხედარი დაკარგეს

გარდაცვლილი ქალის ნათესავების თქმით, მორგში სანიტარს ცხედრები აერია და ქალის ცხედარი გადასცა სხვა ოჯახს, რომელმაც ის უკვე დაკრძალა
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ნათესავები ორი დღე მის ცხედარს ვერ პოულობენ, იუწყება Sputnik-სომხეთი.

ქალის შვილიშვილმა დახმარებისთვის მიმართა პარლამენტის დეპუტატს „აყვავებული სომხეთიდან“ ნაირა ზოგრაბიანს.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 ათასს გადააჭარბა

გარდაცვლილის ნათესავების თქმით, სანიტარმა, რომელიც გარდაცვლილის ცხედარს მორგში მიასვენებდა, ქალის სახელი და გვარი არასწორად ამოიკითხა და ცხედარი სხვა ოჯახს გადასცა. სავარაუდოდ, ქალი სხვა ადამიანის ნაცვლად უკვე დაკრძალეს, აღნიშნა მან. მსგავსი რამ შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ინფიცირებულების ცხედრებს დალუქულ სასახლეებში კრძალავენ.

შემთხვევის გახმაურების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ალინა ნიკოგისიანმა აღნიშნა, რომ უწყება და პოლიცია ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ და ამ საკითხზე მუშაობენ.

„ამ მომენტისთვის დეტალებს არ ვასაჯაროებთ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დნმ-ის ტესტი ჩატარდება“, - დაწერა მან.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მომავალში აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს გაასაჯაროებს.

1 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 26 065-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 14 563 ადამიანი. კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა 453 ადამიანი, კიდევ 149 - სხვა მიზეზების გამო.