საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრები აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ვაკანტური ადგილები შეივსო
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრი დაამტკიცა - ესენი არიან ზაზა აბაშიძე, გრიგოლ მურღულია და ბონდო მძინარაშვილი.

სამეურვეო საბჭოს სამ ვაკანტურ ადგილზე პრეტენზიას ცხრა კანდიდატი აცხადებდა. თუმცა ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა სამმა მათგანმა მოიპოვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამი ვაკანსიაა: კანდიდატების ვინაობა

ზაზა აბაშიძის კანდიდატურას 98-მა დეპუტატმა მისცა ხმა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა. ბონდო მძრინარაშვილის კანდიდატურა 95 მომხრე ხმით 13-ს წინააღმდეგ დამტკიცდა. გრიგოლ მურღულიას კი 92-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ერთი წინააღმდეგი იყო.

გრიგოლ მურღულიას კანდიდატურა წარადგინა მმართველმა პარტიამ, ხოლო ბონდო მძინარიშვილის და ზაზა აბაშიძის კანდიდატურები - საპარლამენტო ოპოზიციამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძეს და გია იაკობაშვილის უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. სამიდან ერთი კანდიდატი უნდა წარედგინა საპარლამენტო უმრავლესობას, ორი - პარლამენტის დანარჩენი შემადგენლობის სულ მცირე ერთ მეოთხედს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახლანდელი სახით 2005 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს. მანამდე სახელმწიფო ტელერადიოკორპორაცია არსებობდა.