საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პირველმა მოსმენამ და კენჭისყრამ პარლამენტში ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს, რიგგარეშე სესიაზე, პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში.

პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს: ვინ გახდება „ოცნების“ რჩეული მაჟორიტარი კანდიდატი >>

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 95-მა დეპუტატმა ხუთის წინააღმდეგ.

პროექტის განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას.

კანონპროექტი ითვალისწინებს საარჩევნო კამპანიასთან და არჩევნების ჩატარების პროცედურასთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

მმართველი გუნდის წარმომადგენელთა სიტყვებით, საპარლამენტო ოპოზიციას ჰქონდა რამდენიმე შენიშვნა, ამიტომ გაუგებარია, რატომ არ დაესწრნენ ისინი დღევანდელ სხდომას.

„ესაა ფუნდამენტური ცვლილებები. პროექტი მომზადდა ეუთოს/დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს რეკომენდაციების შესაბამისად და შედგება მრავალი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან. საქმე ეხება სხვადასხვა მნიშვნელოვან ნორმას, რომლებიც უზრუნველყოფენ არჩევნების ჩატარებას საუკეთესო პირობებში. მეორე მოსმენით გაიმართება დამატებითი განხილვა, მათ შორის, აუდიტის სამსახურის წინადადებებისა. რეგულაციები დაზუსტდება და ამის საფუძველზე ხვალ მეორე მოსმენა გაიმართება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ.

არჩევნები ახლებურად: პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს

შესწორებების თანახმად, საქართველოში დაწესდება სიჩუმის დღე - კენჭისყრის დაწყებამდე რვა საათით ადრე და საარჩევნო უბნების დახურვამდე აიკრძალება ნებისმიერი აგიტაცია და პოლიტიკური რეკლამა.

აიკრძალება ასევე სააგიტაციო მასალების განთავსება საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში და ამავე მანძილზე ამომრჩევლებთან კონტაქტი მათ არჩევანზე ზემოქმედების მიზნით.

გარდა ამისა, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დღეს შეიზღუდება დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების რაოდენობა. უბანზე ერთდროულად დაშვებული იქნება არაუმეტეს ორი წარმომადგენლისა ყოველი მასმედიიდან.

იცვლება არჩევნებზე პარტიების რეგისტრაციის პირობებიც. კანონპროექტით, პარტიებმა უნდა წარადგინონ თავიანთი მხარდამჭერების არა მხოლოდ „ქაღალდის“ სიები, არამედ ელექტრონული სახითაც. საჭირო იქნება მხოლოდ ხუთი ათასი ხელმოწერის შეგროვება და მხოლოდ მათთვის, ვინც წინა არჩევნებზე სულ მცირე 15 ათასი ხმა ვერ მიიღო.

შესწორებები ითვალისწინებს გენდერული ბალანსის დაწესებასაც - ყოველი მეოთხე პარტიულ სიაში უნდა იყოს ქალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის.