ცნობილი გახდა თარიღი, თუ როდის განახლდება საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი მეორე ლიგაში

ფედერაციის მიზანია, რომ გაკეთდეს ყველაფერი, რათა განხორციელდეს 2020 წლისთვის დაგეგმილი პროექტები. ეს ეხება როგორც პროფესიულ, ისე მასობრივ ფეხბურთს.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი მეორე ლიგაში 13 ივლისს განახლდება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეს-სამსახურს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განუცხადა.

„კლუბებთან კომუნიკაციის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ეროვნული ლიგა 2“ 13 ივლისიდან განახლდება. ეროვნული ლიგის მსგავსად, აღნიშნული ტურნირიც მესამე ტურიდან გაგრძელდება", – განაცხადა მუჯირმა.

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში ბრუნდება

ასევე ცნობილი გახდა საქართველოს ჩემპიონატის განახლების თარიღი მესამე ლიგაში. მუჯირის განცხადებით, ეს დღეა 27 ივლისი. რაც შეეხება მეოთხე და რეგიონულ ლიგებს, ასევე საქართველოს თასს, მათი განახლება აგვისტოს შუა რიცხვებში იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღები ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენი მიზანია, რომ 2020 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი განვაახლოთ როგორც პროფესიული, ასევე მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით", – აღნიშნა მუჯირმა.

საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში ჩატარებული ორი ტურის შემდეგ (რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის დასაწყისში შეწყდა) ექვსი ქულით ლიდერობს ქობულეთის „შუქურა".

საქართველოს ეროვნული ლიგის ყველა ფეხბურთელმა კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა>>

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგას, ის გასულ უქმეებზე განახლდა. ლიდერი კვლავინდებურად თბილისის „ლოკომოტივია", რომლის აქტივშია შვიდი ქულა. შემდეგ ხუთ-ხუთი ქულით მოდიან თბილისის „დინამო" და გორის „დილა".