თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმიდან გამოდის და მონაწილეობას მიიღებს საკომიტეტო მოსმენებში, რომლებზეც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა გაიმართება, განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
ცვლილებები ძირითადად საპარლამენტო არჩევნებს ეხება, რომელიც საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
„ზოგჯერ, როდესაც მნიშვნელოვანი საკითხები იხილება, ჩვენ ბოიკოტის რეჟიმიდან გამოვდივართ. დავაკვირდებით ამ პროცესს, როგორი იქნება დისკუსია და რა სიურპრიზებს შემოგვთავაზებს ხელისუფლება. მათ იციან, რომ ამ არჩევნებს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რათა საკუთარი ინტერესების გათვალისწინება მოხდეს ამ ცვლილებებში“, – განაცხადა გოცირიძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
ამასთან, გოცირიძემ აღნიშნა, რომ ფრაქცია ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა, დაესწრება თუ არა პლენარულ სხდომას.
საქართველოს პარლამენტმა ორშაბათს 117 ხმით სამის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო შესწორებები, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“, რომლებიც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელის გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
ოპოზიციის თქმით, რურუას გათავისუფლების შესახებ ხელისუფლებასთან კონსენსუსს 8 მარტის შეთანხმებაზე ხელმოწერისას მიაღწიეს.
ადრე გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა განაცხადა, რომ „გიორგი რურუა 8 მარტის შეთანხმებაში მოხსენიებული არ არის, ეს აბსოლუტურად ნათელია და ამის წაკითხვა ნებისმიერს შეუძლია“.
ელჩის განცხადებას ოპოზიციის მხრიდან მკვეთრი განცხადებები მოჰყვა.
ოპოზიციის განცხადებების გამო გერმანიის ელჩს ბოდიში ხელისუფლებამ რამდენჯერმე მოუხადა.