თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მიუხედავად კორონავირუსთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესისა, გლობალურ დონეზე COVID-19-ის პანდემია ისევ იკრებს ტემპებს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.
„ზოგი ქვეყანა ისევ შეეჯახა ინფიცირების შემთხვევათა ზრდას მას შემდეგ, რაც ეკონომიკები გახსნეს და სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ადამიანების უმრავლესობა კვლავ მოწყვლადია ვირუსის წინააღმდეგ. <…> მძიმე რეალობა ისაა, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ არ გამოსწორებულა“, — აღნიშნა მან.
ჯანმოს გენდირექტორმა აღნიშნა, რომ 30 ივნისს ზუსტად ნახევარი წელი სრულდება იმ დღიდან, რაც ორგანიზაციამ პირველი ცნობები მიიღო ჩინეთში უცნობი ტიპის პნევმონიის კერის არსებობის შესახებ.
მანამდე გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო პანდემიის ახალ და სახიფათო ფაზაში იმყოფება. მისი თქმით, ეს იმის გამო ხდება, რომ ადამიანებს „შინ ჯდომა მობეზრდათ“, ვირუსი კი სულ უფრო სწრაფად ვრცელდება და სასიკვდილოდ სახიფათო რჩება.
სამეცნიერო გარღვევა COVID-19-ის მკურნალობაში: ჯანმო განცხადებას ავრცელებს>>
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 10 302 052 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაიცვალა 505 505 და განიკურნა 5 235 813 ადამიანი.