ავსტრიული კლუბი ქართველ ფეხბურთელს იაფად არ დათმობს

თურქული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველით სტამბულის კლუბი „ფენერბახჩე“ დაინტერესდა
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. ავსტრიული საფეხბურთო კლუბი „შტურმი“ (გრაცი) (Sturm Graz) უარს აცხადებს დათმოს ქართველი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი 1,5 მილიონ ევროდ, განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა გამოცემა Kleine Zeitung-თან ინტერვიუში.

ქართველ ფეხბურთელს კვიპროსის ნაკრებში თამაში სურს

„ეს ნამდვილად ძალიან ცოტაა. ჩვენ ჯერ არ გვქონია არავისთან მოლაპარაკება გაყიდვის თემაზე, და რაიმე კონკრეტული წინადადება არ მიგვიღია, მით უმეტეს ასეთი დაბალი სატრანსფერო ფასით“, - მოჰყავს გამოცემას შიკერის სიტყვები.

კიტეიშვილის წასვლაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტამბულის „ფენერბახჩე“ (Fenerbahçe) ქართველი ნახევარმცველით დაინტერესდა. ზოგიერთი გამოცემის ინფორმაციით, „ყვითელ კანარელებს“ კიტეიშვილის გადმობირება სურთ გერმანელი მაქს კრუზეს ნაცვლად, რომელმაც ახლახან დატოვა გუნდი.

კიტეიშვილი „შტურმში“ 2018 წლის ზაფხულში თბილისის „დინამოდან“ გადავიდა.  24 წლის ფეხბურთელმა ავსტრიული კლუბის შემადგენლობაში 67 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.