ყვითელი ამბები

„ორი ერთნაირი...“ – ზურა ხაჩიძე აგარაკზე ქალიშვილთან ერთად ისვენებს

ზურა და ანასტასია ხაჩიძეები ზაფხულს ერთად ატარებენ. მამა-შვილის უსაყვარლესი სურათები სოციალური ქსელიდან.
Sputnik

ოჯახის უმცროსი წევრი ანასტასია ხაჩიძე კარგა ხანია ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. რამდენიმე წლის წინ, პატარა ასაკში ის დასთან და ოჯახის წევრებთან ერთად რეიტინგული თოქ-შოუების ხშირი სტუმარი იყო. ანასტასია ბავშვობიდან ნახევარდასთან ნინი ქარსელაძესთან ერთად ინტენსიურად მღეროდა. დღეს მას სულ სხვა ინტერესის სფეროები გაუჩნდა. როგორც ირკვევა, ანასტასია ძალიან მოხდენილად ცეკვავს. მის შესრულებას მშობლები ინტენსიურად აქვეყნებენ.

პოპულარული ოჯახი წლების მანძილზე აქტუალობას ინარჩუნებს. საზოგადოებას ოჯახის ყველა წევრთან განსაკუთრებული ემოციები აკავშირებს. სულ რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ნინი ქარსელაძის დედა ავად არის და ამის გამო ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი დასჭირდა. ხათუნა და ნინი სამკურნალოდ ისრაელში გაემგზავრნენ. ხათუნა ჟორდანია თავს ბევრად უკეთ გრძნობს. მის ფოტოებს სოციალურ ქსელში მომღერალი ქმარი ხშირად აქვეყნებს და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის. მან ერთგულ მსმენელს რამდენჯერმე ლოცვისა და თანადგომისკენ მოუწოდა.

უმშვენიერესი და უცხო გარეგნობის გოგონას მომღერალ მამას ამსგავსებენ. ანასტასია და ნინი ქარსელაძე ბავშვობიდან ძალიან მეგობრობენ. ნინი აღნიშნავს, რომ ანასტასიას დაბადებას ეჭვიანობა არ მოჰყვა, რადგან მანამდე ის და ზურა ხაჩიძე ძალიან მეგობრობდნენ. აშკარაა, რომ ანასტასიას ოჯახში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ის ოჯახის ყველაზე პატარა წევრია. ზურა მას ანებივრებს და ყველა სურვილს დაუფიქრებლად უსრულებს. ამჯერად თინეიჯერი მამასთან ერთად საგურამოს აგარაკზე ისვენებს, საიდანაც ერთობლივი სურათები გამოაქვეყნეს.