რატომ იმუქრებიან სოციალური მუშაკები ფართომასშტაბიანი გაფიცვით

სოცაგენტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან მათი მოთხოვნების შესრულების შესახებ წინასწარ შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს. ამჯერად ისინი იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც მათ საკითხებზე მუშაობს, კვალიფიციური იურისტის ჩართვას ითხოვენ.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. სოციალურმა აგენტებმა თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი ითხოვენ იურისტის ჩართვას იმ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრა 29 ივნისს უნდა გაიმართოს.

ოჯახების შეფასებისას სოცაგენტები სამხრე კამერებით აღიჭურვებიან>>

ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სოციალური აგენტების პრობლემებს მიხედავს. მათ შორისაა მათი ხელფასის გაზრდა 100 ლარით. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ამ დღეებში სოცაგენტების შეხვედრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან დავით წოწკოლაურთან.

სოცმუშაკების პრობლემებით ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური სამუშაო ჯგუფი დაკავდება

სოციალური აგენტები აცხადებენ, რომ თუ ჯანდაცვის უწყება უარს იტყვის მათი იურისტის ჩართვაზე სამუშაო ჯგუფში, ისინი 2 ივლისიდან მთელ ქვეყანაში გაფიცვას დაიწყებენ. შესაბამისი განცხადება ამასთან დაკავშირებით მათ უკვე მოამზადეს.

სოციალური აგენტები მოითხოვენ ფიქსირებულ ხელფასს, სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებასა და უვადო კონტრაქტებს.

საქართველოში სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასია 80 ლარი. თითოეულ ბენეფიციართან ინტერვიუსთვის ისინი დამატებით 4 ლარსა და 80 თეთრს იღებენ. საუკეთესო შემთხვევაშიც კი მათი ხელფასი 700 ლარს არ აღემატება.