ბოლოსდაბოლოს საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუცია შეცვალა და 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარების ახლებური წესი განსაზღვრა.
დღემდე ქვეყნის მთავარ კანონში 150 დეპუტატიდან 73-ს ირჩევდნენ პირდაპირი კენჭისყრით და დანარჩენებს - პარტიული სიებით. ამით ოპოზიცია უკმაყოფილო იყო. პოლიტიკური კრიზისის შემდეგ მმართველი პარტია საარჩევნო სისტემის რეფორმას დასთანხმდა.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე: „თავიდან პარლამენტი 235 დეპუტატისგან შედგებოდა, რომელთაგან 150 პროპორციული სისტემით აირჩეოდა. შემდეგ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანეს და 2008 წლიდან პარლამენტი შედგებოდა უკვე 150 დეპუტატისგან. 2018 წელს კონსტიტუციაში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომელთა თანახმად, პარლამენტის 150-ვე წევრი პროპორციული სისტემით აირჩევა, მაგრამ ეს ნორმა ძალაში შევა 2024 წლიდან. ახლანდელი ცვლილებები შუაში აღმოჩნდა - ისინი შეეხება 2020 წლის არჩევნებს“.
ქართული თავსატეხი
მიღებული ცვლილებები გავრცელდება 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე და 2024 წლამდე ჩასატარებელ ყველა რიგგარეშე არჩევნებზე.
შესწორებების შედეგად არჩევნებზე პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 1%. ეს ნიშნავს, რომ ქართული პარტიების უმრავლესობა, რომელთა ლიდერები ქართულ მასმედიაში პერიოდულად გაიელვებენ ხოლმე, მოხვდებიან პარლამენტში ისე, რომ მათ უმეტესობას რეგისტრაციისთვის ხელმოწერების წარდგენაც არ დასჭირდება.
2020 წელს მაჟორიტარული ოლქები დარჩება, თუმცა 73-ის ნაცვლად - 30. გაიმარჯვებს კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.
მოფიქრებულია ძალიან რთული მექანიზმი, რომლის წყალობითაც მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვება მთლიანობაში უპირატესობას არ იძლევა. პარლამენტში წარმომადგენლობა ახლა მთლიანად დამოკიდებული იქნება მხოლოდ პროპორციული არჩევნების შედეგებზე და არა ოლქებში გამარჯვებულების რაოდენობის დაჯამებაზე, როგორც ეს ადრე იყო.
ვისთვის არის ხელსაყრელი ცვლილებები
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ შესწორებების მიღებით მოგებული დარჩება ოპოზიცია.
„საქართველოს ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი იყო მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა, რადგან მას ყველა ბერკეტი ჰქონდა რაიონებში გამარჯვების მოსაპოვებლად. სწორედ ამიტომ ჩავარდა შესწორებები 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ“, - განუცხადა ძაბირაძემ Sputnik-საქართველოს.
მისი აზრით, ცვლილებები მმართველ პარტიას არჩევნებზე პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა მან ვერ მიიღოს უმრავლესობა პარლამენტში, თუმცა პირველ ადგილზე მაინც გავა.
„მაჟორიტარულ არჩევნებში ალბათ მმართველი პარტია გაიმარჯვებს, პროპორციულში კი უფრო გაუჭირდება, პარტიებს შორის პირველ ადგილზე გავა, მაგრამ პარლამენტში უმრავლესობას ალბათ ვერ მიიღებს“, - განაცხადა ძაბირაძემ.
ყველა კმაყოფილია
შესწორებების მიღებით ახლა ხელისუფლებაც კმაყოფილია და ოპოზიციაც, თუმცა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ არ დავიწყებიათ შენიშვნების გამოთქმა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით, რომლებსაც არჩევნებზე მთავარ ოპონენტებად მიიჩნევენ. ამ პარტიებს ბოიკოტის გამო საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
„ვფიქრობ, დღევანდელი კენჭისყრა იყო ის ზღვარი, რომლის ერთ მხარეს დარჩნენ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, მეორეზე კი აღმოჩნდა პროსახელისუფლებო ძალა და ახალი ოპოზიცია, რომელმაც დაპირება შეასრულა და შესწორებებს მხარი დაუჭირა. ახლა საზოგადოება გაიგებს, ვინაა ის ძალა, რომელსაც პასუხისმგებლობის აღება შეუძლია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიცია კი კმაყოფილებას არ მალავდა.
„ძალიან კარგი დღეა და „ევროპული საქართველო" ძალიან კმაყოფილია კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილებების ასახვით. მე მგონი, რომ მთლიანად ოპოზიციური სპექტრიც კმაყოფილია. ისეთ მდგომარეობაში იყო ივანიშვილის გუნდი, რომ რის წინააღმდეგაც იყვნენ, იმას მისცეს ხმა და ახლა ზეიმობენ საკუთარ თავზე გამარჯვებას. კარგი იქნება არქივიდან იმ კადრების ამოღება, სადაც ქართული ოცნების ლიდერები ერთხმად ამტკიცებენ, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის „საკითხი დახურულია". ეს აჩვენებს საზოგადოებისა და საქართველოს მეგობრების ძალას, რომ ასეთ კომიკურ მდგომარეობაში არიან ახლა", - განაცხადა ბოკერიამ.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საკონსტიტუციო შესწორებებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ" საერთაშორისო ზეწოლას ვერ გაუძლო.
„ვერ გაუძლო „ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო და შიდა ზეწოლას. ის განცხადებები, რომელიც მოდიოდა დასავლეთიდან, მათ შორის, პირადი სანქციების დაწესების სახით ბიძინა ივანიშვილისადმი, ფაქტობრივად, აღმოჩნდა გადამწყვეტი ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ძალიან კარგი რამ მოხდა. მადლობა უნდა ვუთხრათ იმ თავისუფალ დეპუტატებს და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც უზრუნველყვეს საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა", - განაცხადა გოცირიძემ.
მომავალი ქაოსშია
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ არჩევნების ახალი სისტემა შექმნის მრავალპარტიულ პარლამენტს და ეს გამოიწვევს ერთგვარ, მაგრამ აუცილებელ ქაოსს მის მუშაობაში.
„თუმცა პარლამენტი ქმედუნარიანი იქნება, რამდენადაც გადამწყვეტი უმრავლესობა „ოცნებას" დარჩება. ოპოზიცია იყვირებს, მაგრამ არ ექნება იმდენი ხმა, რომ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს", - განაცხადა საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია კი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში „კადრების დიდი მოძრაობაა" მოსალოდნელი. ამ კუთხით მისი არგუმენტია ის, რომ ქართულ პოლიტიკაში ბევრია „ერთდღიანი პარტია".
„ამას იმით ვხსნი, რომ ბევრი მცირე პოლიტიკური პარტია გარკვეული ინტერესების გასატარებლად გარკვეული დროით იქმნება, რის შემდეგაც ისინი იხურებიან. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალ პარლამენტში დიდი მოძრაობა იქნება", - განაცხადა მაისაიამ.
თუმცა ექსპერტების ნაწინასწარმეტყველებ „სასარგებლო ქაოსამდე“ ჯერ ოთხი თვეა. ოპოზიციასა და ხელისუფლებას მოუწევს საარჩევნო კოდექსზე მუშაობა, შემდეგ კი ერთმანეთისთვის კონკურენციის გაწევა წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
ამასთან, როგორც გამოკითხვები ცხადყოფს, რიგით მოქალაქეებს ნაკლებად აღელვებთ არჩევნების სისტემა და პოლიტიკოსების დავა. უფრო აქტუალურია კითხვა, წავლენ თუ არა ისინი არჩევნებზე. ბოლო პერიოდში არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.