ქართულ ატამსა და ვაშლატამას ექსპორტისთვის ამზადებენ – რამდენ ტონას გაიტანენ უცხოეთში

ექსპორტზე ატმის მოსავლის შეუფერხებლად გატანის მიზნით საქართველოს სასაზღვრო პუნქტებში „მწვანე დერეფნები“ ფუნქციონირებს.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. წელს კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას დიდ მოსავალს – 35 ათას ტონაზე მეტს ელოდებიან, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

ამ დროისთვის უკვე დაკრეფილია დაახლოებით 400 ტონა ატმისა და ვაშლატამას მოსავალი. ერთი კილოგრამის საბითუმო ფასი 1–1,3 ლარის ფარგლებშია.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობის წყალობით კახეთში სამი მძლავრი გადამამუშავებელი კომბინატი მუშაობს, სადაც წვენებისა და ხილფაფების წარმოება ხდება. ვფიქრობ, ატმის რთველი წარმატებით ჩაივლის და ფერმერები კმაყოფილი იქნებიან“, – მოჰყავს კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის სიტყვები უწყების პრეს-სამსახურს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ფერმერებს მოსავლის რეალიზების კუთხით პრობლემები არ აქვთ. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული პრობლემებისა, იგეგმება მოსავლის მესამედის ექსპორტი. 

ქართული მარწყვი და მოცვი ამერიკის ბაზრისკენ დაიძრა

ამ დროისათვის ატმისა და ვაშლატამას მიღება 22 სამაცივრე მეურნეობას შეუძლია. ამასთან, ხილის ექსპორტთან დაკავშირებული ყველა პროცედურა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. ეს ფერმერებსა და ექსპორტიორებს საშუალებას აძლევს ყველა დოკუმენტი სწრაფად, ყოველგვარი ბიუროკრატიული სირთულეების გარეშე მიიღონ.

პავლიაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტო „მწვანე დერეფნების“ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, რომლის წყალობითაც ექსპორტიორებს საშუალება ექნებათ კორონავირუსის გამო მოქმედი ყველა შეზღუდვის პირობებშიც კი ხილი უცხოეთში სწრაფად გაიტანონ.

2019 წლის სეზონზე საქართველოდან 13,2 ათას ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა გავიდა, მოსავლის საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტი გავიდა რუსეთში – 10,7 ათასი ტონა. სომხეთში გაიგზავნა 1,3 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, აზერბაიჯანში – 667 ტონა.

ექსპორტი ასევე ხორციელდებოდა უკრაინაში, ყაზახეთში, სლოვენიაში, ერაყში, ირანში, ბელარუსში, მოლდოვასა და კატარში.