კორონავირუსის ახალი შემთხვევები – ცნობილია თუ არა ინფიცირების წყაროები

საქართველოში COVID-19 ბოლო დღე-ღამეში ორ ადამიანს დაუდასტურდა. ისინი სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს უკავშირდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

„ორივე დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია, ეს გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლები, შემოტანილი შემთხვევებია ორივე", – განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ისინი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაინფიცირდნენ, მაგრამ მათ ქართველი ექიმები უმკურნალებენ. ერთი მძღოლი, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა, მათ კლინიკაშია მოთავსებული.

COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 24 პაციენტი მკურნალობს. ერთმა გამოჯანმრთელებულმა გუშინ დატოვა კლინიკა.

„დღევანდელი მონაცემებითაც ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამდენი ხანია უკვე გვიგრძელდება ზომიერი, კონტროლირებადი მატება", – აღნიშნა ეზუგბაიამ.

COVID-ცენტრებში ამჟამად 120 ადამიანი მკურნალობს.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 926-ს მიაღწია.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 791 ადამიანი, გარდაიცვალა – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2819, ხოლო სტაციონარებში 230 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.