წლების წინ თბილისიდან ამერიკაში საცხოვრებლად ქართველი ებრაელების ეს ოჯახიც გადავიდა. ბევრისგან განსხვავებით მათ დღემდე შეინარჩუნეს ქართული ტრადიციები და ურთიერთობები, ოჯახის დისახლისმა ირინა კაჟილოტმა კი ქართული სამზარეულოსადმი სიყვარული შორეულ ამერიკაში პროფესიად აქცია. მას შემდეგ, რაც კარგად აითვისა ნუტრიციოლოგია (მეცნიერება ჯანსაღი კვების, სწორი რაციონისა და ცხოვრების წესის შესახებ), ქართული სამზარეულოს განსაკუთრებულ გემოსა და ჩვენი ფხალეულის სასარგებლო თვისებებზე ყველას ესაუბრება. გარდა ამისა, კერძების დამზადებისა და სუფრის გაწყობის ესთეტიკურ მხარეზეც ზრუნავს.
- ქალბატონო ირინა, როგორია თქვენი ცხოვრების ისტორია, რომელიც საქართველოსთან გაკავშირებთ?
- დავიბადე თბილისში, ქართველ ებრაელთა ოჯახში. მეორე კლასამდე ბარათაშვილის აღმართზე ვიზრდებოდი ტრადიციულ, თბილისურ ეზოში, სადაც ყველა ეროვნების ადამიანი უდიდეს სიყვარულში და პატივისცემაში ვცხოვრობდით. ვართ ორი და და ერთი ძმა. დედა ზინა კოჟიაშვილი საოცრად თბილი და სტუმართმოყვარე ქალბატონი, არაჩვეულებრივი დიასახლისი იყო. ვფიქრობ, კულინარიისადმი ჩემი სიყვარული სწორედ მისი დამსახურებაა. მამა დავით (დოდიკ) მიხელაშვილი უაღრესად თავმდაბალი, ერუდირებული და საკმაოდ გავლენიანი პიროვნება იყო – მას საკავშირო მასშტაბით სამხედრო მაღაზიების ქსელების მომარაგება ევალებოდა. ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ მუსიკა და საერთოდ ხელოვნება. მამა იყო ცნობილი თამადა, რომლის უნიკალური ხმა და სადღეგრძელოები ყველა სუფრას ამშვენებდა. დავამთავრე 162-ე სკოლა, ჩავაბარე მაშინდელ „გეპეიში“ ქიმიურ ფაკულტეტზე, მაგრამ სწავლა მეორე კურსიდან მივატოვე, რადგან 1987 წელს მამამ მიიღო მისთვის რთული გადაწყვეტილება – ამერიკაში ემიგრაციის შესახებ…
- ვიცი, რომ თქვენს ოჯახს ძალიან უყვარს საქართველო და ალბათ გაგიჭირდათ ქვეყნის დატოვება...
- მშობლები საქართველოს მოტრფიალე და მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ, ამიტომ მათთვის წარმოუდგენელი იყო სამშობლოს და წინაპრების საფლავების დატოვება და ცხოვრების თავიდან დაწყება უცხო კონტინენტზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. პირველებმა ამერიკაში წასვლა ადრეულ 80-იანებში ჩემმა უფროსმა დამ, მზიამ და მისმა მეუღლემ მერაბ კრიხელმა გადაწყვიტეს. ისინი დღეს ნიუ-იორკში წარმატებული ექიმები არიან. ჩემი მშობლებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათი შთამომავლობა – შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები ერთად ყოფილიყვნენ და ერთმანეთი არ დაეკარგათ. ნიუ-იორკის ერთ-ერთ უბანში, Forest Hill-ში დავსახლდით. იმ დროს თითქმის ყველა ქართველი ემიგრანტი ამ უბანში სახლდებოდა და თავის ამერიკულ ცხოვრებას აქ იწყებდა. ბედმა ჩემს მეორე ნახევართანაც ამ უბანში შემახვედრა. აქ ჩამოსვლისთანავე გავიცანი თბილისიდან ემიგრირებული ზურა კაჟილოტი და ოჯახის შექმნა ძალიან მალე გადავწყვიტეთ. ზურას მიღებული აქვს განათლება კლასიკური გიტარის განხრით და სიმღერებს სამ ენაზე წერს. მისი ახალი სიმღერის თემა მსოფლიო პანდემია და მისგან შექმნილი პრობლემებია. ჩვენ გვყავს ორი ქალიშვილი, გაბრიელა და სტეფანი. გაბრიელა ერთ-ერთი ცნობილი დიზაინერული ბრენდის Alice & Olivia-ს გენერალური დირექტორია, ხოლო ნაბოლარა, სტეფანი მუსიკალური სააგენტო MTheory-ს მარკეტინგის დეპარტამენტის წევრია.
- ქართულ ტრადიციებს თუ იცავთ ამერიკაში?
- ჩვენი ქვეყნისადმი უზომო სიყვარული და ნოსტალგია ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერდება ყველა ჩვენგანის გულში. ამიტომ ამერიკაში ჩვენმა ოჯახმა მაქსიმალურად შეინარჩუნა ქართული ტრადიციები, ეს იქნება სტუმარ-მასპინძლობა, ახლობლებთან ურთიერთობა, დღესასწაულების აღნიშვნა, სამზარეულო თუ ქართული ენის სწავლა მომავალი თაობისთვის. ჩვენს ოჯახში ყოველ სუფრაზე ტრადიციულად საქართველოს სადღეგრძელოც ისმება და ქართული ჰანგებიც ისმის. საახალწლო სუფრას კი გვიმშვენებს გოზინაყი, ჩურჩხელები, ხაჭაპური და ფხალეულობა. კულინარია ჩემი ბავშვობის განუყრელი ნაწილია, რომელიც დედასთან ასოცირდება.
- ამერიკაში კულინარიის სფეროში მოხვდით, როდის გაგიჩნდათ კულინარიული ხელოვნებისდამი ინტერესი?
- კულინარია ისეთივე ხელოვნებაა, როგორც სიმღერა და ხატვა. ეს არის ნიჭი, რომელიც შეიძლება თანდაყოლილიც იყოს და შეძენილიც. ეს არ არის მხოლოდ გემრიელი საკვები, ეს არის სწორი ხედვა, სწორად შერჩეული ინგრედიენტების ბალანსი. ვიზუალური მხარე და ფერების კომბინაცია არა მხოლოდ მრავალფეროვანი გემოსთვისაა, არამედ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რასაც დღეს მსოფლიოში უდიდესი ყურადღება ექცევა. ნუტრიციოლოგია არის მეცნიერება ჯანსაღი კვების, სწორი რაციონისა და ცხოვრების წესის შესახებ.
- ამ მეცნიერებით როდის დაინტერესდით?
- ამ მეცნიერებით 90-იანებში სრულიად შემთხვევით დავინტერესდი, როდესაც მორიგი არასწორი დიეტის დროს საავადმყოფოში ნაღვლის ბუშტის მწვავე შეტევით მოვხვდი, რასაც შემდგომ ოპერაცია მოჰყვა. სულ მალე ჩემი მეგობარი, რომელიც ასეთივე დიეტას იცავდა, ანალოგიური სიმპტომებით მოხვდა ექიმთან. ამ ამბავმა ძალიან დამაფიქრა და დავიწყე გამოკვლევა. Dr. Andrew Weil-ის მიერ გამოქვეყნებულმა ნაშრომებმა სწორი კვების და ჰოლისტიკური მედიცინის ზეგავლენაზე სხვადასხვა დაავადებებზე იმდენად დამაინტერესა, რომ გადავწყვიტე ეს სფერო ძირფესვიანად შემესწავლა. დავამთავრე ინტეგრაციული ნუტრიციოლოგიის ინსტიტუტი, სადაც ისწავლებოდა ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ადამიანის მიმართ მათი ჯანმრთელობის, წარმოშობის, ცხოვრების წესის, გენეტიკის და სოციალური სტატუსისად გამომდინარე.
- ამერიკაში დიდ ყურადღებას აქცევენ ჯანსაღ კვებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამერიკელების უმრავლესობა მაინც რატომ უჩივის ჭარბ წონას?
- ჭარბი წონა 21-ე საუკუნის დაავადებათა შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია, ეს არის კაცობრიობის მიერ ხელოვნურად შექმნილი ეპიდემია. ამჟამად ამერიკის მოსახლეობის 1/3 ჭარბწონიანია. ეს იმის გამოა, რომ მოსახლეობის უმეტესობას არა აქვს საკმარისი ცოდნა, სურვილი, დრო და საშუალება, რომ მოამზადონ ჯანსაღი საკვები. ისინი ძირითადად სწრაფი კვების ობიექტებში იკვებებიან, რაც იწვევს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ანთებებს, წონის მატებას და უწყობს ხელს ქრონიკული დაავადებების ჩამოყალიბებას როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
- თქვენი ამერიკული დილა როგორ, რა საკვებით იწყება?
- მე ყოველ დილას ვიწყებ კენკროვანი ხილით და სელის ზეთით, რომელიც ჰორმონების ერთ-ერთი დასაბალანსებელი საშუალებაა. ასევე ლიმნიანი ცხელი წყლით, რაც შეიცავს ბევრ სასარგებლო მინერალსა და ვიტამინ C-ს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ეს ხელს უწყობს ორგანიზმის სწორად გამოღვიძებას, აწესრიგებს ნერვულ სისტემას და არეგულირებს არტერიულ წნევას. წყალი ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას და მისგან ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნას. არაფრით არ შეიძლება ახალგაღვიძებულ ორგანიზმს მძიმე საკვები რომ მიეწოდოს. ყველას ვურჩევ, რომ გაიმზადონ საკვები, რომლის 50%-ს სხვადასხვა სახის ბოსტნეული შეადგენს. ხოლო საკვების მეორე 50% უნდა იყოს პროტეინის წყარო და კარბოჰიდრატები (ნახშირწყლები). თუ ადამიანს წონის დაკლება სურს, ცხიმი და კარბოჰიდრატი ერთმანეთს არ უნდა აურიოს.
- ქართული სამზარეულო რამდენად პოპულარულია ამერიკაში?
- ბოლო დროს ქართული სამზარეულო ძალიან პოპულარული გახდა შტატებში. ბევრი რესტორანი გაიხსნა და, თქვენ წარმოიდგინეთ, იქ შესვლაზე ამერიკელების რიგი დგას. რა თქმა უნდა, ხაჭაპური და ხინკალი აქ უკვე ყველამ იცის.
- ქართული კერძები გემრიელია, მაგრამ ძირითადად ცხიმიანია..
- ასეა, ამიტომ ვცდილობ, რომ ყველას გავაგებინო ქართული სამზარეულოს ჯანმრთელი კერძებიც, რომელსაც, მე, როგორც ნუტრიციოლოგი, ძალიან ვაფასებ. მხედველობაში მაქვს ჩვენი ფხალეული, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასწაულად სასარგებლოა. ვერ წარმოიდგენთ, რამდენ ამერიკელ კლიენტს ვასწავლე მათი მომზადება და ისინი სიამოვნებით აკეთებენ (ამაში შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თუ ჩემს ინსტაგრამს -@ikwellness-იხილავთ). ყოველმა ჩვენგანმა უნდა შევისწავლოთ საკუთარი თავი, დავაკვირდეთ, თუ რომელი პროდუქტი გვიხდება – ენერგიას რომელი გვმატებს, ან რომელი გვამძიმებს და გვთენთავს. თქვენს მკითხველს ვურჩევდი, რომ თავი მოარიდონ შაქარს, რადგან უმეტესობა დაავადებებისა სწორედ შაქრით საზრდოობს. გირჩევთ დღეში 3-4-ჯერ, მაგრამ პატარა ულუფებით იკვებოთ.
- პანდემიამ თქვენი გეგმებიც ხომ არ შეცვალა?
- ორი კვირის წინ ჩვენი უმცროსი გოგონა სტეფანი გაგვითხოვდა. 7 ივნისს გრანდიოზული ქორწილი გვქონდა დაგეგმილი, ველოდებოდით სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდანაც. სამწუხაროდ, პანდემიის გამო 500-კაციანი ღონისძიების მაგივრად 30-კაციანი მყუდრო, მაგრამ საკმაოდ მხიარული ქორწილის ჩატარება მოგვიწია. მე ჩავიბარე სამზარეულო, დეკორი, მენიუს შედგენა და ორგანიზაციული საკითხები, ზურამ კი მუსიკალური გაფორმება, ეზოს მომზადება და კონფერანსიობა ითავა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქალიშვილი ამერიკაშია დაბადებული და სიძე ამერიკელია, მათ გადაწყვიტეს, რომ პატარძლის შემოსვლა მომხდარიყო ქართულ სიმღერაზე “ვისია, ვისია ქალი ლამაზი”, ეს კი სტუმრებისთვის იმდენად მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა, რომ ნეფე-პატარძალს ყველა აცრემლებული შესცქეროდა. საქორწილო სუფრას ქართული კერძები, მინერალური წყალი და ჩვენებური ჭაჭა ამშვენებდა. ცეკვა-თამაში კი ქართულად, დილამდე გაგრძელდა...
- იქიდან გამომდინარე, რაც ახლა მომიყევით, ალბათ აღარ უნდა გისვამდეთ ამ კითხვას, მაგრამ მაინც, საქართველო რა არის თქვენთვის?
- საქართველო ჩემი სამშობლოა, ბედნიერი და უდარდელი ბავშვობა, ტკბილი მოგონებები, ჩემი ეზო, სადაც დილიდან საღამომდე მე და ჩემი უფროსი ძმა თამაზი ვთამაშობდით, ბავშვობის მეგობრებია, რომლებთანაც დღემდე მაქვს ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი 30 წელზე მეტია არ გვინახავს. მენატრება გაზაფხულზე იების პირველი კონა, რომელსაც მოხუცი ბებოსგან ყოველ წელიწადს ყიდულობდა ჩემთვის სკოლიდან მომავალი თამაზი, მენატრება ჩემი ამბიციური როზა ბებია და მისი სიმღერები, რომლებსაც მამიკოსთან ერთად ორ ხმაში ასრულებდა, საოპერო და თეატრალური პრემიერები. კიდევ მენატრება ჩემი ძველი უბანი, ჭრელი აბანოების გოგირდის სუნი და ამწვანებული ზაფხული. ოცნებად მაქვს, რომ ახლო მომავალში ქართულ მიწაზე დავდგა ფეხი...